ირანის ახალ პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვებას სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ულოცავენ

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ირანის ახალ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ.
მასუდ პეზეშკიანს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ევროკავშირმა.
„ჩვენ ვაღიარებთ ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს და ვულოცავთ არჩეულ პრეზიდენტს მასუდ ფეზეშქიანს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ახალ მთავრობასთან ევროკავშირის კრიტიკული ჩართულობის პოლიტიკის შესაბამისად“, – წერს სოციალურ ქსელ X-ზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სპიკერი ნაბილა მასრალი.
ირანის საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ფეზეშქიანმა არჩევნებში გამარჯვებასთან დაკავშირებით მილოცვები მსოფლიოს არაერთი ლიდერისგან მიიღო. მათ შორის არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი, იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კიშიდა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და პრეზიდენტი ვაჰაგნ ხაჩატურიანი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პაკისტანის პრეზიდენტი ასიფ ალი ზარდარი, ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი, მალაიზიის პრეზიდენტი ანვარ იბრაჰიმი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, უზბეკეთის პრეზიდენტი შავკატ მირზიოევი, მალდივების პრეზიდენტი მოჰამედ მუიზუ, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი, იორდანიის მეფე აბდულა მეორე და სხვა ლიდერები.
ფეზეშქიანის პრეზიდენტად არჩევას მიესალმება სამხრეთ კორეის მთავრობა და იმედს გამოთქვამს, რომ მისი პრეზიდენტობის დროს თეირანსა და სეულს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება.
ამასთან, ირანის ახალ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ედმონდო ცირიელიმ და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.
„გულწრფელად ვულოცავ ირანელ ხალხს და ირანის მთავრობას. ვიმედოვნებ, ჩვენ შევძლებთ ვითანამშრომლოთ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ედმონდო ცირიელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები