ეთერ ლიპარტელიანმა პარიზის ოლიმპიადაზე ასპარეზობა მეხუთე ადგილზე დაასრულა
ქართველმა ძიუდოისტმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) პარიზის ოლიმპიადაში მონაწილეობა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის ეტაპზე დაასრულა.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მესამე ადგილისთვის შეხვედრა მან ფრანგ სარა ლეონი სისიქესთან დათმო და მეხუთე ადგილი დაიკავა.
პირველ შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანმა ბრიტანელი ლელე ნაირნი დაამარცხა, მერვედფინალში – უზბეკი შუკორჯონ ამინოვა, მეოთხედფინალი კი ოლიმპიურ ჩემპიონთან, ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დათმო, რის შემდეგაც რეპეშაჟში გადაინაცვლა და მონღოლ ენხრილენ ლხაგვატოგოსთან ორთაბრძოლაში გაიმარჯვა.
ეთერ ლიპარტელიანის ოლიმპიური დებიუტი ტოკიოში გამოსვლა იყო, სადაც მას ბრინჯაოს მედლის მოპოვებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ქართველმა სპორტსმენმა ასპარეზობა ტოკიოშიც მეხუთე ადგილზე დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის შემადგენლობაში პირველად არის სამი ქალი ძიუდოისტი: ეთერ ლიპარტელიანი, ეთერ ასკილაშვილი და სოფიო სომხიშვილი.