ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, გიგა ფარულავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” – „ქართულ ოცნებას” სიტყვით მიმართავს

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, გიგა ფარულავა, პარტია “გახარია საქართველოსთვის” – „ქართულ ოცნებას” სოციალურ ქსელში სიტყვით მიმართავს.

“მსურს “ოცნების” წარმომადგენლებს მათ მიერ გაკეთებული განცხადებების საპასუხოდ შევახსენო, რომ ჩემი, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩეული თავმჯდომარის რანგში ყოფნის მიმდინარე პერიოდი “პოლიტიკური დემაგოგიის” ტირაჟირების ნაცვლად მოიცავს საზოგადოების რეალურ საჭიროებებზე ადეკვატური რეაგირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებას, მაგალითისთვის შეგახსენებთ, სოციალური და ჯანდაცვის სფეროში გაფანტული სკლეროზით დაავადებულ პირთა მხარდაჭერის პროგრამას, რომლისთვისაც საბიუჯეტო დაფინანსების განსაზღვრა სწორედ საკრებულოს ფრაქცია ” ზუგდიდი საქართველოსთვის” ინიციატივას წარმოადგენდა; უსაფრთხოების სფეროში –  მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციის მართვის წესის მიღებას, რომელიც ადგილობრივ დონეზე საკითხის მომწესრიგებელი პირველი ყოვლისმომცველი დოკუმენტია და ითვალისწინებს მუნიციპალური თავშესაფრის აშენების სამართლებრივ შესაძლებლობას. თუმცა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის ნეიტრალიზების მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, და მეტიც, შეიძლება ითქვას მწვავე სოციალური საჭიროება არსებობდა, “ქართული ოცნების” წევრებს საკრებულოში მხარი არ დაუჭერიათ ამ დადგენილებისთვის, ხოლო მერია დღემდე არ აღასრულებს მოცემული რეგულირებით განსაზღვრულ ვალდებულებას, რომელიც კერძო სამართლის იურიდიული პირის  დაფუძნებასა და მუნიციპალური თავშესაფრის აშენებას მოიაზრებს.

ახლა კი მივადექით დისკურსის მთავარ საგანს, რომელიც კვლავაც საკრებულოს ფრაქცია “ზუგდიდი საქართველოსთვის” ინიციატივას წარმოადგენს და საკრებულოს მიერ გაწეული ეკონომიის _ 40 000 ლარის _ გზის საპროექტო სამუშაოებისკენ მიმართვას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ საჯარო პოლიტიკის კეთება პრობლემური ასპექტების მოგვარებისთვის საჭირო რესურსის მობილიზებასთან ერთად საამისოდ საჭირო მზაობის გამოხატვასაც მოითხოვს, ამიტომაც ის არგუმენტი, რომ 40 000 ლარი პროექტირებისთვის მწირი ბიუჯეტია და მარტოოდენ პოპულისტურ ხასიათს ატარებს, მიუღებელია ერთი მარტივი ლოგიკით, საკრებულო ამით მოქმედებს რა მისთვის განსაზღვრული

მანდატის ფარგლებში, ადგილობრივად მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტის იდეალურ მიზანს ისახავს და მოუწოდებს მერს, როგორც აღმასრულებელს, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა.

შევახსენებ ოცნებას, რომ რუხი-რიყეს ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის პროექტირებისთვის საჭირო თანხები მსგავსი პრინციპით გამოიყო 2023 წელს, სატენდერო დოკუმენტაციით გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების სავარაუდო ღირებულებად 3 200 000 ლარი განისაზღვრა, თუმცა პროექტირების მომსახურების შესყიდვა 20 000 ლარად გამოცხადდა, ხოლო ტენდერის საბოლოო შედეგებით პროექტირების ხელშეკრულება 13 888 ლარზე გაფორმდა. (იხ. სატენდერო დოკუმენტაცია NAT230017585) შესაბამისად ყოველი ახალი სახელმწიფო შესყიდვა უნდა ემყარებოდეს წარსულის პრაქტიკას და შესაბამის ბაზრის კვლევას და არა პოლიტიკურ განცხადებებს და ნება-სურვილებს.

“ოცნების” მიერ განვითარებული მსჯელობით, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, პროექტირების ხარჯი ნაცვლად გამოყოფილი 20 000-სი ლარისა, უნდა ყოფილიყო არანაკლებ 64 000 ლარი, თან აღსანიშნია ისიც, რომ მაშინ ამ საკითხს აჟიოტაჟი არ გამოუწვევია, შესაბამისად, მაქვს გონივრული ეჭვის ქონის საფუძველი, რომ ოცნება ბოროტად მანიპულირებს საკითხით და პოლიტიკური ქულების ჩაწერის ყოვლად უსუსური მცდელობითაა დაკავებული, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ჩვენს, “გახარია-საქართველოსთვის” გუნდსა და მათ შორის არსებულ განსხვავებებს და ცხადყოფს, ვინ არის რეალურად ორიენტირებული საზოგადოების წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრისთვის საჭირო მექანიზმების მოძიებასა და განხორციელებაზე და ვინ, უბრალოდ პოლიტიკურ ჟონგლიორობაზე.

(სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ კომენტარებში)

საკრებულოს განახლებული რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმების გამოყენებით შეუძლია დაინტერესებულ მხარეებთან სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში განიხილოს აღნიშნული ეკონომიის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და მოისმინოს მხარეთა არგუმენტები,  თუკი, რა თქმა უნდა,  “ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს საკრებულოდან ამ სხდომაზე მოსვლისთვის საჭირო პოლიტიკური გამბედაობა ექნებათ.

საქმეს მიხედეთ, საქმეს! ეპოსტოლეების გამოქვეყნების ნაცვლად, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საკუთარი ქალაქის საბოტაჟი და დაბრუნდეთ საკრებულოში.” – წერია გავრცელებულ მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები