თამარ ჩიბურდანიძე: ომის საფრთხე საქართველოში რეალურია მანამ, სანამ “ომის პოლიტიკის” ავტორები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან დასავლეთში და სანამ ჩვენს ოპოზიციაში ჰყავთ აგენტურა
პარტია „ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე პარტიის მიერ გავრცელებულ წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ისინი ცდილობენ არჩევნებამდე როგორმე მოასწრონ საქართველოზე ზეწოლა მეორე ფრონტის გასახსნელად,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ წინასაარჩევნოდ და არჩევნების დღესაც მოსალოდნელია დესტაბილიზაცია რადიკალების მხრიდან. ჩიბურდანიძის განმარტებით, ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით ხელისუფლებაზე ზეწოლას და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებას ემსახურება.
„ხალხის ძალის” დღევანდელი წერილი კიდევ ერთი გაფრთხილებაა ქართველი ხალხის, რომ ფხიზლად იყვნენ და არ მოტყუვდნენ ფაქტების შეფასებისას. ომის საფრთხე საქართველოში რეალურია მანამ, სანამ “ომის პოლიტიკის” ავტორები ჯერ კიდევ ხელისუფლებაში არიან დასავლეთში და სანამ ჩვენს ოპოზიციაში ჰყავთ აგენტურა. ისინი ცდილობენ არჩევნებამდე როგორმე მოასწრონ საქართველოზე ზეწოლა მეორე ფრონტის გასახსნელად.
ამერიკელი კონგრესმენების განცხადებებიც მხოლოდ ამ მიზანს ემსახურება – გააძლიერონ ზეწოლა ხელისუფლებაზე და ამით გააძლიერონ ოპოზიცია, ანუ მათივე აგენტურა. რაც შეეხება უკრაინას, წინასაარჩევნოდ და ბუნებრივია, არჩევნების დღესაც, ალბათ ვიხილავთ რადიკალების მცდელობებს შემოიტანონ დესტაბილიზაცია საქართველოში და ამ არეულობით გზა გაუხსნან ომის ცეცხლს. საბედნიეროდ, შესაბამისი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე დგანან და რაც მთავარია, მოწოდების სიმაღლეზე დგას ქართული საზოგადოება,”- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.