რთული ბავშვობიდან მსოფლიოს წამყვან ნეიროქირურგობამდე – ბენ კარსონის ისტორია
დოქტორ ბენ კარსონის ისტორია სიმტკიცის ძალაზე და განათლების უდიდეს მნიშვნელობაზე გვიყვება. როგორ იქცა ღარის ოჯახში გაზრდილი ბავშვი მსოფლიოში ცნობილ ნეიროქირურგად და შემდგომ გამოჩენილ პოლიტიკურ ფიგურად – კარსონის გზა ნამდვილად არაჩვეულებრივი და მამოტივირებელია.
ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო:
ბენჯამინ სოლომონ კარსონი დაიბადა 1951 წლის 18 სექტემბერს, დეტროიტში, მიჩიგანში. მარტოხელა დედის, სონია კარსონის ვაჟი ღარიბ და რთულ გარემოში გაიზარდა. დედამისს, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მესამე კლასის განათლება ჰქონდა, სურდა, შვილებისთვის უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცა. მან მკაცრი წესები შემოიღო, რომელთაც ბენი და მის უფროსი ძმას უნდა დამორჩილებოდნენ. ამ წესებს შორის ერთ-ერთი კვირაში ორი წიგნის წაკითხვა და მათზე მოხსენებების დაწერა იყო.
ადრეული აკადემიური წარუმატებლობის მიუხედავად, დროთა განმავლობაში, ბენი სკოლაში უფრო და უფრო გამოირჩეოდა. განათლების მისაღებად დედის ბრძოლამ ბიჭის მომავალ წარმატებას ჩაუყარა საფუძველი. კარსონის აკადემიური მოსწრების საოცარმა გაუმჯობესებამ და ტრანსფორმაციამ, ასევე მისმა მზარდმა ინტერესმა მეცნიერებისადმი, იგი ნათელი მომავლის გზაზე დააყენა.
ბენ კარსონი იელის უნივერსიტეტში ფსიქოლოგია შეისწავლა. იელის დამთავრების შემდეგ იგი სწავლობდა მიჩიგანის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში. სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა კარსონს ნეიროქირურგიის მიმართ ინტერესი.
1987 წელს უკვე დოქტორმა კარსონმა ეროვნული აღიარება მოიპოვა თავის უკანა მხარით შეერთებული ტყუპების გამოყოფაზე პიონერული მუშაობისთვის. მან რთული, მაგრამ წარმატებული 22-საათიანი ოპერაცია ჩაატარა, რომელმაც მისი განსაკუთრებული უნარი და ინოვაციური მიდგომა მთელ მსოფლიოს გააცნო.
დოქტორი კარსონის წვლილი ნეიროქირურგიაში იზრდებოდა. მან ტვინზე რთული ოპერაციების ჩატარებითაც გაითქვა სახელი. მისმა მუშაობამ პედიატრიულ ნეიროქირურგიაში, განსაკუთრებით კი, თავის ტვინის სიმსივნისა და ეპილეფსიის მკურნალობაში საყოველთაო აღიარება მოიპოვა და კარსონი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ნეიროქირურგად აქცია.
გარდა სამედიცინო კარიერისა, დოქტორი კარსონი წიგნების ავტორიცაა. მისი ავტობიოგრაფული ნაწარმოები – „დაჯილდოებული ხელები: ბენ კარსონის ისტორია“ – რთული ბავშვობიდან წამყვან ნეიროქირურგობამდე მისი აღმასვლის შესახებ მოგვითხრობს. მოგვიანებით, წიგნი სატელევიზიო ფილმად გადაიქცა, რამაც მისი შთამაგონებელი ამბავი უფრო ფართო აუდიტორიას გააცნო.
2015 წელს კარსონი მედიცინიდან პოლიტიკაზე გადაერთო. იგი 2016 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატადაც იყრიდა კენჭს და მნიშვნელოვანი მხარდაჭერაც მოიპოვა, თუმცა ნომინაციაში ვერ გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, მან საკუთარი იდეები და ხედვა ამერიკული პოლიტიკის წინა პლანზე გამოიტანა.
2017 წელს დოქტორი კარსონი დონალდ ტრამპმა ურბანული განვითარების მინისტრად დანიშნა.
დოქტორ ბენ კარსონის ცხოვრება ადამიანზე განათლების, გამძლეობისა და მონდომების გავლენას გვაჩვენებს. ის ცნობილია არა მხოლოდ სამედიცინო მიღწევებით, არამედ მენტორობით, პოზიტიური ცვლილებების მხარდაჭერითა და საყოველთაო უფლებებისთვის ბრძოლით.