დონალდ ტრამპის მისალოც წერილში გამოჩნდა, რომ მზად არის ურთიერთობებისთვის, შეიძლება ითქვას, ამ წერილით პირველი ნაბიჯები გადაიდგა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული წერილი ამერიკის მხრიდან საქართველოსადმი ძალიან პოზიტიური ნიშანია.
„26 მაისთან დაკავშირებით, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტამდე მე მივიღე მილოცვები არაერთი ქვეყნისგან. როდესაც რომელიმე ქვეყნის ეროვნული დღესასწაულია, ვაგზავნით პრეზიდენტებთან მისალოც წერილებს. ძალიან სასიამოვნოა, როცა აშშ-ის პრეზიდენტისგან მოლოცვა მივიღეთ. ამ სპეკულაციების განხილვა ალბათ არც ღირს.
აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გარდა იმისა, ეს იყო მისალოცი წერილი, შინაარსში ჩანს მნიშვნელოვანი აქცენტები. ხაზი ესმება ჩვენს სუვერენიტეტს, უსაფრთხოების თემას და არსებულ დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ასევე ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნას, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის განახლების სურვილი აქვთ.
მილოცვაში პირდაპირ არის მოცემულობა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ შეგვიძლია, დავიწყოთ ურთიერთობები. ვფიქრობ, ძალიან პოზიტიური ნიშანია მათი მხრიდან“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.