ირაკლი კირცხალია: 26 ოქტომბერს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ოპოზიციას საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ოპოზიციას საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს.
“დარწმუნებული ვარ, არჩევნებამდე და განსაკუთრებით ამ ზაფხულს ბევრ სერიალს ვნახავთ. ოპოზიცია არის ერთი ორგანიზმი, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. სულ ვამბობ, რომ თავიდან ქარტია რომ გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა, ამით გაერთიანდნენ. შემდეგ აუარეს ამ ქარტიას გვერდი და ერთმანეთში შიდა დაპირისპირებები, ბრძოლები დაიწყეს. ოპოზიციაში შიგნით, პაიკების რაღაც გადაჯგუფებები მიდის, თუმცა ეს მათ სურათს არ ცვლის. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს მათ ერთიან სახეს. ისინი ამ სახელის გადარქმევით, რებრენდინგით ცდილობენ, რომ თავიანთი პოლიტიკური წარსული ამოშალონ ცხოვრებიდან და ეს გამორიცხულია. ისინი ჩვენს ელექტორატს ვერ გადაქაჩავენ და შიგნით როგორ გაინაწილებენ ერთმანეთის ხმოსნებს ეს ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. 26 ოქტომბერს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ოპოზიციას საბოლოოდ გამოუტანს განაჩენს, ამ უსამშობლო და მონური დამოკიდებულებებისთვის, რასაც ესენი ბოლო წლებია ამ ქვეყანაში ახორციელებენ. მართლაც უცხოეთის პრესსამდივნოდ გადააქციეს ოპოზიციური ფლანგი, რაც დიდი უბედურებაა“, – განაცხადა კირცხალიამ.