არჩილ თალაკვაძე: სამწუხაროდ ზიზღის და სიძულვილის კამპანია გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან გრძელდება და დიმა ობოლაძის მაგალითი იყო კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება

სამწუხაროდ ზიზღის და სიძულვილის კამპანია გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან გრძელდება და ჟურნალისტის დიმა ობოლაძის მაგალითი იყო კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

თალაკვაძე იმ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც დიმა ობოლაძე დაადანაშაულეს, თითქოს თავისუფლების მოედანზე გამართულ სახალხო ზეიმზე, სადაც ღონისძიება მიჰყავდა, სიტყვა არ მისცა ნაკრების ფეხბურთელს ბუდუ ზივზივაძეს და მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჟურნალისტს ფეხბურთელთან შეხება არ ჰქონია.

„საერთო ეროვნული სიხარულის ფონზე, ალბათ კარგი იქნებოდა, რომ იგნორირება ყოფილიყო რეაქცია და უყურადღებოდ დაგვეტოვებინა ის გარკვეული ფაქტები, სადაც სამწუხაროდ დავინახეთ ისევ სიძულვილის კამპანია, წარმატების დასაკუთრების სურვილი, საზოგადოების დაყოფის და ნაკრების დაყოფის სურვილიც, რაც მიუღებელია. სამწუხაროდ ზიზღის და სიძულვილის კამპანია გარკვეული რადიკალური ჯგუფების მხრიდან გრძელდება როგორც ჩანს, ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ რჩებიან ისეთი ადამიანები, ჯგუფები, ვინც ვერ ეგუებიან წარმატებას. ნომერ პირველი კანონი, რაც მათ აქვთ არის, რომ რაც ჩვენი გაკეთებული არ არის, ის ცუდიაო. ეს რჩება ძალაში და ჟურნალისტის დიმა ობოლაძის მაგალითი იყო კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოხატულება. ადამიანებმა, ვინც ყოველდღე ვამბობთ, რომ ადამიანის უფლებები, უდანაშაულობის პრეზუმფცია ჩვენთვის უპირველესია, პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, ღირსება უნდა დავიცვათ, ზუსტად ამ ადამიანებმა განმარტების მოსმენის გარეშე გავასამართლეთ დიმა ობოლაძე. პრინციპში განკითხვა მოუწყვეთ ისე, რომ ადამიანს ერთი სიტყვის თქმის საშუალებაც არ მივეცით. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ის მართალი იყო და უსამართლოდ დაესხნენ თავს“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები