ბოლნისში დაღუპული პილოტის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თავდაცვის მინისტრმა და სამხედრო მოსამსახურეებმა მიუსამძიმრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, მინისტრის მოადგილეებმა და საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებმა გეგმური სამხედრო სწავლების დროს საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული პილოტის ოჯახს მიუსამძიმრეს.

გარდაცვლილის საცხოვრებელ სახლთან დილიდან ხალხმრავლობაა, დაღუპული პილოტის ოჯახს თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და წარმომადგენლები უსამძიმრებენ.

გარდაცვლილ პილოტს, ვიცე-პოლკოვნიკ კახაბერ ზურაბაშვილს გორში შაბათს, 6 ივლისს დაკრძალავენ.

შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, ერთ-ერთი გეგმური სამხედრო სწავლების დროს, რომელშიც ჩართული იყო საავიაციო კომპონენტი, თავდაცვის ძალების კუთვნილმა სუ 25-მა კატასტროფა განიცადა. კატასტროფის შედეგად, ტრაგიკულად დაიღუპა თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდლობის პილოტი კახაბერ ზურაბაშვილი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია 401-ე მუხლით, რაც სამხედრო-საჰაერო ხომალდის ფრენისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. გენერალური პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობით, გამოძიებას აწარმოებს სამხედრო პოლიცია. წინასწარი მოკვლევით, საფრენი აპარატი გაფრენამდე სრულად იყო შემოწმებული ტექნიკური დოკუმენტაციის მოთხოვნათა შესაბამისად. ასევე ჩატარებული იყო წინასაფრენოსნო მომზადება და დაცული იყო რეგლამენტით გათვალისწინებული ყველა პროცედურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები