გიორგი გველესიანი: 33-წლიანმა წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი

33-წლიანმა წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, გიორგი გველესიანი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ფეხბურთელი აღნიშნავს, ერთი მხრივ, ნაკრებმა თითქოს შეუძლებელი შეძლო მერვედფინალში გასვლით, თუმცა, მეორეს მხრივ, ესპანეთთან მატჩის შემდეგ დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება დარჩა. „ვამაყობ, რომ ქართველი ვარ!

რთულია გადმოგცეთ ჩემი გაორებული შეგრძნებები. ერთის მხრივ, ვარ ამაყი, რომ წარმოვადგენ იმ ნაკრებს, რომელმაც ასე ღირსეულად წარმოაჩინა თავი, ამ უდიდეს ასპარეზზე, თითქოს შეუძლებელი შეძლო, თითქოს ამ დაუღალავმა 33-წლიანმა წყურვილმა და მოლოდინმა სიხარულისა, ერთიანობისა და სიამაყისა, ერთიანად ამოხეთქა და მოიცვა მთელი ერი. ვისაც ოდესმე ვიცნობდი, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ, ან და ვისთვისაც, თუნდაც ერთხელ ხელი ჩამომირთმევია, ყველა გახარებული და გაბრწყინებული თვალებით ვნახე.

ეს დაუვიწყარი შეგრძნებებია.

მეორეს მხრივ, რაღაც არ მასვენებს, ვიცი, რომ მსოფლიოში საუკეთესოები იყვნენ, ვიცი, რომ თითქმის უნაკლოდ დაბალანსებულ გუნდს შევხვდით, რომელთა წინააღმდეგ „ბურთი მრგვალი“ არავისთვისაა, რომელთა წინააღმდეგ არცერთი შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვს. თუმცა, ასეთ მონსტრთან დავწინაურდით, გაჩნდა შეგრძნება, რომ ჩვენ ამასაც შევძლებთ. მთელი პირველი ტაიმი თავს შეუპოვრად ვიცავდით, ისინი კი აგრძელებდნენ, წყნარად, მშვიდად და ორგანიზებულად, ყველა მხრიდან შეტევებს. საბოლოოდ ეს უპირატესობა მათ გოლებში და გამარჯვებაში გადაიზარდა. ბევრს ვფიქრობ და მაქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება, ალბათ ისე, როგორც ყველა ჩვენგანს, მაგრამ, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ვხვდები, რომ ფეხბურთში საბოლოოდ კანონზომიერება ყველაფერს თავის ადგილს უჩენს.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს, ნამდვილად გამორჩეულები იყავით. ემოციურებიც, კულტურულებიც, ერთიანებიც, ლამაზებიც და ენერგიულებიც. ეს თქვენი დიდი გამარჯვებაა!“, – წერს გიორგი გველესიანი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები