ჩანდ ბაორის საფეხურებიანი ჭა – მსოფლიოს არაოფიციალური საოცრება

ძველი ოსტატების ნაგებობები იმდენად გრანდიოზული და სრულყოფილია, რომ მეცნიერებისა და ტექნიკის გამოყენებით, ამ შედეგების გამეორება დღესაც ძალიან რთული იქნება. ერთ-ერთი ასეთი საოცარი ქმნილება ჩანდ ბაორის ჭაა, რომელიც პატარა ინდურ ქალაქში, აბანერიში მდებარეობს. გასაოცარია, მაგრამ ეს ნაგებობა მე-9-10 საუკუნეებშია აგებული და მასში დღემდე არის წყალი.

ჩანდ ბაორის ჭა წარმოადგენს 30-მეტრიან საფეხურიან პირამიდას, რომელიც ქვევით არის მიმართული. საერთო ჯამში, ნაგებობას 13 სართული აქვს. აღნიშნული სართულები ერთმანეთს კიბის საფეხურებით უკავშირდება. საფეხურების საერთო ჯამი 3500-ს შეადგენს. 

ამ ფანტასტიკური ჭის მშენებლობა ნიკუმბას დინასტიის მეფის, ჩანდას ბრძანებით დაიწყეს. მონარქს სურდა, თავის ქვეშევრდომებს წყალი ყოველთვის ჰქონოდათ. გასაოცარია, მაგრამ თანამედროვე ინჟინრები ნაგებობას, თითქმის, სრულყოფილად მიიჩნევენ.

ციცაბო ფერდები და დიდი სიღრმე საშუალებას იძლევა, ტენიანობა წელიწადის ყველაზე ცხელ დროსაც შენარჩუნდეს, ხოლო მრავალი საფეხური წყალზე წვდომას მაშინაც კი უზრუნველყოფს, როცა ის მინიმალურ დონეზეა.

ჩანდ ბაორის ასაშენებლად გამოყენებულია დამუშავებული ქვის ლოდები ადგილობრივი ქვის კარიერებიდან. ჭის ირგვლივ ოსტატებმა აღმართეს გალერეები და კოლონები, რომლებიც ღმერთების ფიგურებითაა მოპირკეთებული. ძველ დროს ადამიანებს, რომლებიც წყლისთვის შორიდან მოდიოდნენ, შეეძლოთ, ნაგებობის გადახურულ ნაწილებში დაესვენათ, სანამ წყლით სავსე დოქებით უკანა გზას დაადგებოდნენ.

ჩანდ ბაორის ჭა ბევრი ინდოელისთვის საკრალურ ადგილს წარმოადგენდა. მის წყალში სარიტუალო განბანვაც სრულდებოდა. ჭაში წყალი ახლაც არის, მაგრამ დიდი ხანია, მას არც განბანვისთვის იყენებენ, არც დასალევად და არც ტანსაცმლის გასარეცხად. ხელისუფლება ჩანდ ბაორის გამოყენებას ეპიდემიის საშიშროების გამო კრძალავს.

ახლა ჭაში წყალი ჭუჭყიანია და ცუდი სუნიც აქვს. გარდა ამისა, ჩანდ ბაორის ირგვლივ ბევრი ლეგენდა და თქმულება ტრიალებს, რომელთაგან ერთ-ერთი ღმერთების გაწყრომას უკავშირდება. სტუმრების ერთადერთი კატეგორია, რომლისგანაც ამ ადგილს იცავენ, ექსტრემალი ტურისტები არიან. სპეციალურად მათთვის, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქვემოდან მეხუთე იარუსზე მეტალის ჯებირები დაამონტაჟა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები