სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

გამოვლინდა სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების კონკურსის გამარჯვებული პროექტები.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის – „სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების წარმოების დაფინანსება“ – მეორე ეტაპზე გადასული 6 პროექტიდან კომისიის მეორე შემადგენლობამ ხმათა უმრავლესობით (3 ხმა ერთის წინააღმდეგ) შეარჩია ორი გამარჯვებული პროექტი:
„ბრძოლა (ბერი გაბრიელი)“ – რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი კაჭარავა და „ღრუბლებს იქით“ – რეჟისორი თეიმურაზ ბაბლუანი/გიორგი ბაბლუანი, პროდიუსერი ნოდარ დევიძე.
დანარჩენი პროექტებიდან ორმა პროექტმა მიიღო ორი ხმა, ორმა პროექტმა კი ვერცერთი ხმა ვერ მიიღო.
საექსპერტო კომისიის მეორე შემადგენლობა, რომელმაც კონკურსის ამ ეტაპზე გადასული პროექტები განიხილა, იქმნება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. კომისიის მეორე შემადგენლობაში არის ოთხი წევრი, რომელთაგან ორი პროდიუსერია, ერთი – კინოცენტრის ფინანსისტი, ერთი – მოწვეული ეკონომისტი.
კონკურსი ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის 7 მაისს გამოაცხადა. კინოცენტრს 12-მა პროდიუსერმა მიმართა. კონკურსისთვის გამოიყო 1 000 000 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები