რატი იონათამიშვილი: დავით საყვარელიძე ქართველი ხალხისა და საზოგადოების სახელით რომ ლაპარაკობს, ეს ხომ უკვე ძალიან უხერხულია
ჯერ ეს ადამიანი ქართველი ხალხისა და საზოგადოების სახელით რომ ლაპარაკობს, ეს ხომ უკვე ძალიან უხერხულია. მაგრამ მეორე მხრივ, პირდაპირ გვეუბნება, რომ თვითონ და მისი ჯგუფი არიან მოლოდინში, როდის გაიხსნება საქართველოში მეორე ფრონტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა დავით საყვარელიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საყვარელიძე კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიციას გამოხატავს.
„ხან მაიდანზე ოცნებობენ ეს ადამიანები, ხან ბომბების ცვენაზე თბილისის თავზე და ომის კამპანიაზე. ფაქტია ამ ადამიანების მიზნები და ამოცანები რა არის. ის [საყვარელიძე] საკუთარ პოზიციებს არ გამოხატავს. ის გამოხატავს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პოზიციებს, რომელიც არის ომისა და ღალატის პარტია“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ინფორმაციისთვის, გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქართველი ხალხი „ქართველი ზელენსკის“ მოლოდინშია.