დავით მათიკაშვილი: როცა სანქციებზე საუბრობენ, ასეთი სანქცია არავის მოსვლია და არც განცხადება ყოფილა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბალ ნიშნულზე არიან, საშუალება არ აქვთ აშშ-ის ვიზა მიიღონ და გათანაბრებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს არ წარმოადგენენ.
რაც შეეხება სანქციებს, მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ “სანქცია არავის მოსვლია”.
„სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები დაბალ ნიშნულზე არიან, საშუალება არ აქვთ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზა მიიღონ და გათანაბრებული არიან იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკის პარტნიორ ქვეყნებს არ წარმოადგენენ. ეს არის მოცემულობა, რასაც ვერავინ ვერაფერს უზამს. როცა სანქციებზე საუბრობენ, ასეთი სანქცია არავის მოსვლია და არც განცხადება ყოფილა. ჩვენი ოპონენტების მხრიდან ადგილი აქვს საზოგადოებრივ აზრზე მანიპულაციის. სტრატეგიული პარტნიორობა ხელების გადაგრეხით და იძულებით პოლიტიკას არ გულისხმობს. ჩვენ თანასწორობაზე დაფუძნებულ პარტნიორობას მივესალმებით. ის, რაც ევროპისთვის არის კარგი, არ შეიძლება, საქართველოსთვის ცუდი იყოს. მივესალმებით არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ღია და ჯანსაღ ურთიერთობებს. თუ გამჭვირვალობა ამერიკასა და ევროპაში კარგია, არ შეიძლება, ეს საქართველოში ცუდი იყოს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქებისთვის ვიზაზე უარის მაჩვენებელი 49.23 პროცენტს შეადგენს.