კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

კანადამ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრზე, დომინიკ ლებლანზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ტერორისტულ ერთეულთა სიაში შეიყვანოს“, – აღნიშნა ლებლანმა.

მისივე თქმით, ეს “მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში”.

„ეს ქმედება აგზავნის ძლიერ მესიჯს, რომ კანადა გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს ტერორისტულ ერთეულ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის წინააღმდეგ საბრძოლველად. ირანის რეჟიმი მუდმივად ავლენს ადამიანის უფლებების უგულებელყოფას, როგორც ირანის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ასევე მზადყოფნას მოახდინოს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დესტაბილიზაცია“, – აღნიშნა დომინიკ ლებლანმა.

ინფორმაციისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი ირანში მთავარი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაა, რომელსაც მჭიდრო კავშირები აქვს უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები