ჟულიე დ’ობინი – სკანდალებითა და დუელებში გამარჯვებით განთქმული მომღერალი
ჟულიე დ’ობინი პარიზში დაიბადა, დაახლოებით, 1670 წელს პარიზში. მისი მამა – გასტონ დ’ობინი – გრაფ დ’არმანიაკის მდივანი გახლდათ. მამის დამსახურებით, გოგონა ფარიკაობის ხელოვნებას პატარაობიდანვე მაღალ დონეზე დაეუფლა. ამავდროულად, ჟულიე ქალური სილამაზით გამოირჩეოდა: იგი იყო საშუალო სიმაღლის, ქერათმიანი და ცისფერთვალება, ნატიფი ნაკვთებით. ალბათ, თხუთმეტი წლის თუ იქნებოდა, როდესაც დ’არმანიაკის საყვარელი გახდა. შემდგომში ჟულიე სენ-ჟერმენ-ან-ლეის ბატონ მოპენზე გაათხოვეს, თუმცა მალე თავის საყვარელ სერანთან ერთად გაიქცა. სერანი ცნობილი მოფარიკავე იყო, მან დუელში კაცი მოკლა და იძულებული გახდა, პარიზიდან მარსელში წასულიყო, სადაც წყვილი საკუთარი ხელოვნების დემონსტრირებას შეუდგა.
ჟულიე მამაკაცის კოსტიუმში გამოწყობილი გამოდიოდა. მაყურებელს უჭირდა დაჯერება, რომ მათ წინაშე ქალი იდგა. ამავე დროს სერანსაც და ჟულიესაც კარგი ხმები ჰქონდათ და მუსიკალურ ნომრებსაც ასრულებდნენ. ჟულიეს სასიმღერო ხმის შესახებ სხვადასხვა წყარო განსხვავებულ ინფორმაციას იძლევა: სოპრანო, მეცო-სოპრანო, კონტრალტო. ცნობილია, რომ მუსიკალური განათლების არქონის მიუხედავად, იგი მარსელის მუსიკალურ აკადემიაშიც გამოდიოდა.
სერანთან განშორების შემდეგ, ჟულიე დ’ობინს მარსელელი ვაჭრის ქალიშვილი შეუყვარდა. როცა სკანდალური ურთიერთობის შესახებ შეიტყვეს, გოგონას მშობლებმა ქალიშვილი ავინიონის მონასტერში გაგზავნეს.
ჟულიემ შეაღწია მონასტერში, რათა შეყვარებული იქიდან დაეხსნა. როდესაც ერთ-ერთი მონაზონი გარდაიცვალა, ჟულიემ მისი ცხედარი მეგობრის საწოლში მოათავსა და კელიას ცეცხლი წაუკიდა. ხანძრის დროს ორივე გოგონამ მოახერხა გაქცევა, მაგრამ მოგვიანებით ისინი ერთმანეთს დაშორდნენ – სავარაუდოდ, ჟულიეს შეყვარებულმა მოიწყინა ან მშობლებთან დაბრუნება გადაწყვიტა. გატაცებისა და ხანძრის გამო, ჟულიე გაასამართლეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ყურადსაღებია, რომ განაჩენში მას კაცად მოიხსენიებდნენ. შესაძლოა, მოსამართლეებმა ვერ დაიჯერეს, რომ ქალს შეეძლო ქალის მონასტრიდან გატაცება. ჟულიეს მამამ სასიკვდილო განაჩენის გაუქმება მოახერხა: მეფე ლუი XIV-მ შეიწყალა ახალგაზრდა ქალი, რომელიც ოცი წლისაც არ იყო.
1690 წელს შედგა ჟულიე დ’ობინის პრემიერა პარიზის ოპერაში. მან შეასრულა პალადას პარტია ჟან-ბატისტ ლულის „კადმე და ჰერმიონეში’’. ამჯერად მეუღლის – დე მოპენის (ან ლა მოპენის) გვარით გამოვიდა.
1698 წელს ოპერის ერთ-ერთი სოლისტი მარი ლე როშუა სცენიდან წავიდა. ამის შემდეგ მადმუაზელ დე მოპენმა ჟან-ბატისტ ლულის, კოლასის, დემარეს, დეტუშის, კამპრას და ლა ბარას ოპერებში წამყვანი პარტიები მიიღო. მარკიზ დე დანჯო მის ხმას მსოფლიოში საუკეთესოდ თვლიდა.
1695 წელს დე მოპენმა მორიგი სკანდალის პროვოცირება მოახდინა: იგი მამაკაცის ტანსაცმელში გამოწყობილი გამოცხადდა ფილიპ I ორლეანელის მიერ Palais Royal-ში გამართულ ბალ-მასკარადზე და იქ დამსწრე გოგონები აცდუნა. მას შემდეგ, რაც მან ერთ-ერთ გოგონას ტუჩებში აკოცა, სამი მამაკაცი ჟულიეს გადაუდგა და დუელში გამოიწვია. თუმცა, მან სამივეს მძიმე ჭრილობები მიაყენა და დაამარცხა. ამის შემდეგ ჟულიე კვლავ სასახლეში დაუბრუნდა და მომხდარის შესახებ მოყვა. იმ დროს დუელი აკრძალული იყო და მიუხედავად იმისა, რომ ორლეანის ჰერცოგი ჟულიეს მეფის წინაშე შუამავლობას დაჰპირდა, ქალმა ბრიუსელში გაქცევა ამჯობინა.
1698 წელს ბრიუსელში ჩასვლისას დე მოპენი გახდა ბავარიის კურფიურსტის, მაქსიმილიან II-ის საყვარელი. სავარაუდოდ, იმავე წელს ეწვია ესპანეთს. იმავდროულად, მეფემ იგი მეორედ შეიწყალა იმის საფუძველზე, რომ კანონები დუელის შესახებ მოქმედებდა მამაკაცებზე და არა – ქალებზე.
ჟულიე პარიზში დაბრუნდა და ოპერის სცენაზე გამოსვლა გააგრძელა, თუმცა სცენის მიღმა მისი სკანდალური საქციელი მაინც ყურადღებას იპყრობდა. როგორც ამბობდნენ, მან დუელში გამოიწვია ტენორი ლუი გოლარდ დიუმენი, რომელიც მსახიობ ქალბატონებს თავს აბეზრებდა. ტენორმა ჟულიე უარით გაისტუმრა, შედეგად ქალმა იგი ჯოხით სცემა და წაართვა საათი და პორტსიგარა. დიუმენს არ სურდა, ეღიარებინა დამცირება და მეორე დღეს განაცხადა, რომ რომ მას თავს ქურდების ბანდა დაესხა. თუმცა ჟულიემ იგი ტყუილში ამხილა და დამსწრეებს, მტკიცებულების სახით, დიუმენის ნივთები წარუდგინა.
ჟულიე დ’ობინს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ოპერის მომღერალსა და ცნობილ ლამაზმანთან, ფანშონ მოროსთან. გავრცელებულია ლეგენდა, რომ მას შემდეგ, რაც ფანშონმა გადაწყვიტა განშორება, ჟულიემ თვითმკვლელობა სცადა.
მისი ბოლო საყვარელი მარკიზა დე ფლორენზაკი გახლდათ. ორი წლის განმავლობაში, ისინი ერთად ცხოვრობდნენ მარკიზას გარდაცვალებამდე (1705 წ). იმავე წელს დე მოპენი სცენიდან წავიდა და დარჩენილი ცხოვრება მონასტერში გაატარა. სხვა ვერსიით, სიცოცხლის ბოლოს იგი დაუბრუნდა თავის კანონიერ მეუღლეს და მასთან პროვანსში ცხოვრობდა. ჟულიე დ’ობინი გარდაიცვალა 1707 წელს, ოცდაჩვიდმეტი წლის ასაკში.