ესპანეთი არალეგალ მიგრანტთა ლეგალიზაციის ყველაზე მასშტაბურ პროგრამას იწყებს

ესპანეთმა მასშტაბური ლეგალიზაციის პროგრამის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც, დაახლოებით, 500 000 არალეგალ მიგრანტს ლეგალური სტატუსის მიღების საშუალებას მისცემს.

როგორც მედია აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება შეერთებულ შტატებსა და ევროპის ბევრ ქვეყანაში დაფიქსირებულ იმიგრაციული პოლიტიკის გამკაცრებას მკვეთრად ეწინააღმდეგება.

მთავრობის ინფორმაციით, პროგრამა განხორციელდება სპეციალური სამართლებრივი მექანიზმის საფუძველზე და შეეხება იმ უცხოელებს, რომლებიც ესპანეთში გარკვეული დროის განმავლობაში ცხოვრობენ, არ აქვთ მძიმე კრიმინალური წარსული და აკმაყოფილებენ დადგენილ კრიტერიუმებს. ლეგალიზაციის შედეგად, მათ ექნებათ ლეგალურად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება.

ინიციატივის მიზანია არაფორმალურ ეკონომიკაში შრომითი ექსპლუატაციის შემცირება და მუშახელის დეფიციტის ნაწილობრივ შევსება.

იმიგრაციის მინისტრმა ელმა საისმა გადაწყვეტილებას „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ესპანეთი აძლიერებს მიგრაციის პოლიტიკის მოდელს, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის უფლებების, ინტეგრაციისა და სოციალური ერთიანობის პრინციპებზე, ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად. მან განაცხადა, რომ ეს ღონისძიება შეესაბამება ქვეყნის რეალობას და ეკონომიკაზე დადებით გავლენას მოახდენს.

ლეგალიზაციის უფლება ექნებათ იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც ესპანეთში 2025 წლის 31 დეკემბრამდე ჩავიდნენ და რომლებსაც შეუძლიათ, ქვეყანაში უწყვეტად ცხოვრების დამტკიცება, სულ მცირე, ხუთი თვის განმავლობაში. სავალდებულო მოთხოვნაა სუფთა ნასამართლეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები