ბექა ოდიშარია: არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, მანახეთ სად წერია, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, როცა მონას მეძახიან
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია გუშინდელ შემთხვევას, რა დროსაც მას სუპერმარკეტში შეურაცხყოფა მიაყენეს, გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ეს ადამიანი დაფინანსებულია”.
“გუშინ გახლდით ჩემი სახლის შორი-ახლოს სუპერმარკეტში, რა დროსაც შორიდან რაღაც გაურკვეველი ხმაური მომესმა, მოვტრიალდი და შემეფეთა დომენიკო მანგოს უხარისხო პატენტი – fake დომენიკო მანგო. დახლებს შორის ახლად თავმოკვეთილი ქათმის ინსტინქტებით მორბენალი, რომელმაც მომაძახა, ვარ თუ არა ბექა ოდიშარია, რაც სიამოვნებით დავუდასტურე. შემდეგ დაიძახა მხოლოდ ეს ფრაზა: “შენ რუსულ კანონზე ხელმომწერი ხარო”.
ამაზე ბევრი არ გავაგრძელე, ჩვენ არავისთან კონფლიქტი და შეხლა-შემოხლა არ გვინდა. ზოგადად, ვიხვეწებით, რომ ვინმე მოვიდეს და გვკითხოს თუ რა წერია ამ 6-გვერდიან კანონში [“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”], რომ ის მილიონი გვერდი, რომელსაც ჰარმონიზაცია გავუკეთეთ ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ასოცირების ხელშეკრულებიდან დაწყებული ვიზალიბერალიზაციით გაგრძელებული და კანდიდატის სტატუსით დამთავრებული – ყველაფერი ეს “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ მოპოვებული წარმატებაა ქართველი ხალხისათვის. ამ ექვსმა გვერდმა რა შეცვალა. ალბათ, ლგბტ [პროპაგანდასთან] დაკავშირებულმა ჩვენმა აქტივობამ ძალიან ბევრი ლობისტი, როგორც შიგნით, ისე გარეთ გააღიზიანა.
მე “რუსულ კანონზე” ხელის მომწერი, რა თქმა უნდა, არ ვარ. ბუნებაში არანაირი რუსული კანონი არ არსებობს – არსებობს ქართული კანონი.
ეს ადამიანი, რა თქმა უნდა, დაფინანსებულია, თორემ რა უნდა სანზონელ თუ გლდანელ კაცს 23:30-ზე კრწანისში, სუპერმარკეტში. 150-მეტრიანი სივრცე გამოიარა და ერთი პროდუქტიც არ ეჭირა ხელში.
როგორც კი მან “რუსეთის მონა” დამიძახა პირდაპირ მივანიშნე, რომ აქ რუსული მხოლოდ ერთი სიტყვაა და ის რუსული სიტყვა მე მას ვუთხარი, რისი განსახიერებაც არის თავად. არავინ დამიწყოს, რომ თმენის ვალდებულება მაქვს. მანახეთ სად წერია, რომ თმენის ვალდებულება მაქვს, როცა მონას მეძახიან.
ის მუდმივად ცდილობდა ჩემთან ახლოს მოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ბედავდა.
საბოლოო ჯამში, მას ეტყობა ჩემი სიმშვიდე ყელში ამოუვიდა”, – აღნიშნა ოდიშარიამ.