აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უსაფრთხოების სფეროში 10-წლიანი შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერმა შესაბამის დოკუმენტს ხელი იტალიაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მოაწერეს.
„უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ორივე მხარე აღიარებს, რომ უკრაინა საჭიროებს მნიშვნელოვან სამხედრო ძალას, ძლიერ პოტენციალსა და თავის თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსში მუდმივ ინვესტიციებს, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სტანდარტების შესაბამისი იქნებოდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გარდა ამისა, უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმის ან ასეთი თავდასხმის საფრთხის შემთხვევაში, აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირები, ხელშეკრულების თანახმად, შეხვდებიან 24 საათის განმავლობაში კონსულტაციებისთვის და განსაზღვრავენ რა დამატებითი თავდაცვა დასჭირდება უკრაინას.