არჩილ თალაკვაძე – ბიძინა ივანიშვილის მიერ იოანე ზოსიმეს ხელნაწერის შეძენაზე: ამას აქვს საკრალური მნიშვნელობა, იმიტომ, რომ დღევანდელი საქართველო ამ ქველმოქმედებით დაუკავშირდა თავის უძველეს სულიერ მემკვიდრეობას

უდავოდ ისტორიული ამბავია, არის ეროვნული მნიშვნელობის საკითხი, რომ იოანე ზოსიმეს ხელნაწერი, რომელიც უძველესია და ვიცით, რომ მე-10 საუკუნეში მოღვაწეობდა ეს ქართველი ბერი, მათ შორის, სინას მთაზე, ეს ხელნაწერი ღია აუქციონზე იყიდა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა და გადასცა საკუთარ სამშობლოს, საქართველოს საჩუქრად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ის მნიშვნელობაც აქვს ამას, რომ საზოგადოებას და საქართველოს თავის წევრებს შორის ეგულება და ეიმედება ისეთი კაცი, რომელიც ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში აფინანსებს ახალ უნივერსიტეტს, აფინანსებს მონასტრების აღდგენას, აფინანსებს ფიროსმანის ნახატის ყიდვას, დაბრუნებას სამშობლოში, აფინანსებს სინას მთაზე დაწერილი ამ უძველესი წიგნის ყიდვასა და ჩამოტანას საქართველოში.

„დღეს ციფრულ სამყაროში, ყველამ ვიცით, რომ ტექსტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არის ისე, რომ როგორც იყო გასული ათწლეულის, ან წინა ათწლეულების დროს, როდესაც უძველესი წიგნი ან ტექსტი არ იყო ისე ფართოდ ხელმისაწვდომი, დღეს ციფრულმა სამყარომ ეს რეალობა შეცვალა. ნებისმიერი ტექსტი შეგიძლია გააციფრულო და ერთ დღეში გახადო ხელმისაწვდომი მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის, მაგრამ ამ ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანის და საქართველოსთვის გადმოცემას აქვს საკრალური მნიშვნელობა. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მეცნიერებს ან მოქალაქეებს გაუჩნდებათ საშუალება ტექსტი წაიკითხონ, ორიგინალი ხელნაწერი, რომელიც ძველ ფურცლებზე თავის ხელით იოანე ზოსიმემ გადააწერა. ამას აქვს საკრალური მნიშვნელობა, იმიტომ, რომ დღევანდელი საქართველო ამ ქველმოქმედებით დაუკავშირდა თავის უძველეს სულიერ მემკვიდრეობას და ეს ქვეყნის განვითარების რაღაც ეტაპზე მიუთითებს უკვე, როდესაც სახელმწიფოს თავისი საბაზისო ფუნქციები, კრიტიკული საკითხები ასე თუ ისე გადაწყვეტილი აქვს და განვითარების შემდეგ ეტაპზე გადადის, როდესაც იწყებს უკვე ფიქრს და ზრუნვას მემკვიდრეობის აღდგენაზე, სულიერების განვითარებაზე და ამ დიდი პროცესის ნაწილი ქველმოქმედი, დამფინანსებელი გახდა სწორედ, ბიძინა ივანიშვილი. ეს ერთი და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ სხვათა შორის ბევრი ღიად და ბევრი თავისთვის მსჯელობდა, სანამ ეს აუქციონი დაიწყებოდა, რომ შევაგროვოთ ფული, ჩვენ ხომ არ ვიყიდოთ ეს წიგნი, მაგრამ ბევრი ადამიანიც, მე რამდენადაც გავიგე და მათ შორის, ჩემი ნაცნობებიც არიან, ერთმანეთში მსჯელობდნენ, რომ ნეტავ ბიძინა ივანიშვილი ხომ არ იყიდის ამ წიგნს და ხომ არ გადასცემს საქართველოს საჩუქრადო.

მართლა ასე მოხდა და ეს მნიშვნელობაც აქვს ამას, რომ საზოგადოებას და საქართველოს თავის წევრებს შორის ეგულება და ეიმედება ისეთი კაცი, რომელიც ყველაზე გადამწყვეტ მომენტებში აფინანსებს ახალ უნივერსიტეტს, აფინანსებს მონასტრების აღდგენას, აფინანსებს ფიროსმანის ნახატის ყიდვას დაბრუნებას სამშობლოში, აფინანსებს სინას მთაზე დაწერილი ამ უძველესი წიგნის ყიდვასა და ჩამოტანას საქართველოში“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები