ივანე ჩხაიძე: ივნისშიც გრიპის შემთხვევები გვაქვს, რაც უჩვეულოა, კლინკებში მომართვიანობა მაღალია
იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, გრიპის სეზონი გახანგრძლივებულია და ინფიცირების შემთხვევები ივნისის თვეშიც ფიქსირდება. ამის შესახებ ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ბოლო კვირების მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი 14-16-18 % – ია. როგორც ჩხაიძემ განაცხადა, კლინკებში მიმართვიანობა მაღალია.
“ნამდვილად განსხვავებული წელია, თუ შევადარებთ პრეპანდემიურ პერიოდს, საქართველოში ივნისის თვეში გრიპის შემთხვევები იმ რაოდენობით დაფიქსირებული არასდროს ყოფილა, რა რაოდენობითაც ახლაა. ერთეული შეიძლება, მაგრამ თუ “დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკას” გადავხედავთ, ბოლო კვირების მანძილზე ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებში გრიპის ხვედრითი წილი 14-16-18 % – ია. არა 1 და 2 %, არამედ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიპის და მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების სეზონური პერიოდი გახანგრძლივებულია. როცა სეზონზე ვსაუბრობთ, ჩვენ მხედველობაში გვაქვს, ამ შემთხვევების ნოემბერში დაწყება და მარტის ბოლომდე, მაქსიმუმ აპრილამდე აქტიურობის პერიოდი. ახლა მაისშიც, რაც კიდევ უფრო უჩვეულოა, ივნისშიც გრიპის შემთხვევები გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით კლინკებში მომართვიანობა მაღალია. მომართვიანობის უკან უჩვეულო ვირუსები დგას, არა რინოვირუსი (გაციების გამომწვევი ვირუსი), რომელიც ახლა ყველაზე მეტია; გრიპის ვირუსის არსებობა უჩვეულოა. რა თქმა უნდა, ამის უკან დგას პანდემია, ის შეზღუდვები, რომელმაც გრიპით ინფიცირების რაოდენობა მკვეთრად შეამცირა, მოსახლეობის ძალიან დიდი ფენა გრიპის საწინააღმდეგო იმუნიტეტის გარეშე დარჩა, ეს ბავშვებსაც ეხებათ. ამან გრიპის სეზონის გარკვეული გახანგრძლივება გამოიწვია. იმედი გვაქვს, რომ 2025 წლიდან, შესაძლებელია, ეს სტატისტიკა და დინამიკა სტანდარტულ მაჩვენებელს დაუბრუნდეს, როდესაც ივნისში გრიპის შემთხვევებზე არ ვილაპარაკებთ”- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ახლა ცირკულირებს როგორც A, ისე B ტიპის ვირუსი.
“გრიპის ვირუსებთან დაკავშირებითაც გარკვეული თავისებურება გვაქვს. ზამთრის პერიოდში უპირატესი A ტიპის ვირუსი იყო, მარტი-აპრილში, მაისის დასაწყისში მხოლოდ B ტიპის ვირუსი პრევალირებდა, A ტიპის ვირუსი საერთოდ არ იყო, ახლა როგორც A, ისე B ტიპის ვირუსი აღინიშნება. ასე, რომ გრიპის ვირუსების მხრიდანაც უჩვეულო დინამიკაა.
“„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს” რესპირაციული მედიცინის დეპარტმანეტი მუდამ სავსე იყო, პაციენტების დაწოლა სხვა დეპარტმენტებში გვიწევდა. სამწუხაროდ, ახლაც იგივე მდგომარეობაა. რესპირაციული მედიცინის დეპარტამენტი 25 საწოლზეა, ახლა მთელ საავადმყოფოში რესპირაციული ვირუსული ინფექციით სადღაც 40-ზე მეტი პაციენტი გვიწევს. მომართვიანობა ივნისის თვისთვის შეუფერებელია. მომართვიანობა მაღალი რჩება.”- განაცხადა ჩხაიძემ.
თამუნა შეყილაძე