თეა წულუკიანმა ილია პატაშურის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცნობილი მხატვრის, ილია პატაშურის, ხსოვნას პატივი მიაგო და პირადად მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს.
ფერწერის დიდოსტატი ილია პატაშური 5 ივნისს გარდაიცვალა.
მხატვრის მრავალფეროვანი შემოქმედება აერთიანებს ტრადიციულ, ისტორიულ და ყოფით სცენებს, პეიზაჟს, პორტრეტსა თუ ნატურმორტს. მისი ნამუშევრები შესრულებულია ინტენსიურ ფერთა შეხამებით.
ილია პატაშურის ცნობილ ფერწერულ ტილოებს მიეკუთვნება: „დიდგორი“, „ვედრება“, „ბროწეულები“, „კრწანისი“ და სხვა.
„ის იყო მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო გამოფენის მონაწილე. მისი ტილოები წარმოდგენილი იყო საფრანგეთში, ინგლისში, აშშ-სა და იაპონიაში გამართულ გამოფენებზე.
კულტურის სამინისტროს ინიციატივით, 2021 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა საქართველოს დამსახურებული მხატვრის ნამუშევრების რეტროსპექტული გამოფენა „ფხოვის ზარები“. გალერეაში წარმოდგენილი იყო 120 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა). გამოფენა ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდა. გამოფენისთვის ასევე მომზადდა და გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგი. გამოფენის დახურვისას მხატვარმა სხვადასხვა პერიოდში შესრულებული 10 ნახატი შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს საჩუქრად გადასცა.
ილია პატაშურს შაბათს, 8 ივნისს, დუშეთის რაიონის სოფელ ხევშაში დაკრძალავენ.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ილია პატაშურის ხსოვნას, ქართული კულტურის წინაშე მის დამსახურებას და უსამძიმრებს ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.