თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის დაამაარსებელსა და ხელმძღვანელს –  მარინა ჩიხლაძეს იუბილეს ულოცავს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის დაამაარსებელსა და ხელმძღვანელს –  მარინა ჩიხლაძეს იუბილეს ულოცავს.
„კონსერვატორიის მუზეუმი დაარსდა 1997 წლის მაისში. მის ფონდებში დაცულია ქართული მუსიკალური კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშები, გამოჩენილი მუსიკოსების მიერ დატოვებული მემკვიდრეობა. მუზეუმი მდიდარია ორსაუკუნოვანი სიძველის უნიკალური ექსპონატებით, რომელთა კუთვნილების პერიოდი მოიცავს ეპოქას XIX საუკუნის II ნახევრიდან დღემდე.
1850 წლით დათარიღებული აფიშები, პროგრამები, ფასდაუდებელი ხელნაწერები, კედლის ფაიფურის სამშვენისები, ქართველ მხატვართა მიერ საოპერო სპექტაკლებისათვის შექმნილი ესკიზები და ლიბრეტოები; კონსერვატორიის ისტორიის ამსახველი დოკუმენტაცია (კონსერვატორიის სამხატვრო საბჭოს 1917-1919 წლების ოქმები), ავტოგრაფები, ცალკეული და ჯგუფური ფოტოები, მათ შორის: ზ. ფალიაშვილი, ვ. სარაჯიშვილი, დ. არაყიშვილი, ა. ვირსალაძე, კ. ალიხანოვი, ფ. კესნერი, ა. თულაშვილი, ა. რუბინშტეინი, ლ. ტრუსკოვსკი, ვ. ჰოროვეცი, ა. და ვ. ლევინები, დ. ანდღულაძე და სხვ. სახელგანთქმული მუსიკოსების პირადი ნივთები, მათ შორის: მ. გლინკას, პ. ჩაიკოვსკის, თ. შალიაპინის, ი. ჰოფმანის, ტ. დიუბუას, ს. რახმანინოვის, გალსტონის ავტოგრაფები. თითოეული ექსპონატის ისტორია ქართული მუსიკალური კულტურის ღირსშესანიშნავ ფაქტს უკავშირდება, რომელთა მიღმაც თვით ქვეყნის ცხოვრება ჩანს. კაბინეტში დაცული მასალა ნათელი დადასტურებაა იმისა, თუ როგორ იქცა თბილისი არა მხოლოდ კავკასიის მოწინავე კულტურულ ცენტრად, სადაც მოღვაწეობას ან საგასტროლოდ ჩამოსვლას პატივად მიიჩნევდნენ.
კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმის ექსპოზიციას ამშვენებს ამერიკული „კარპენტერის” ფირმის ფისჰარმონიები; ს.რახმანინოვის პირადი “Bechstein”-ის ფირმის როიალი, რომელიც 1912 წლის საკონცერტო ტურნეს შემდეგ დაუტოვებია დიდ რუს კომპოზიტორს. ცნობილი პიანისტის რუდოლფ კერერის პედაგოგის, პროფესორ ანა თულაშვილის რეკომენდაციით, 1925 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ როიალი კერძო პირისაგან შეიძინა.
1999-2005 წლებში გაიზარდა სამუზეუმო ექსპონატებისა და, შესაბამისად, საფონდო მასალის რაოდენობა. კონსერვატორიის მეგობრების მხარდაჭერით ჩატარდა სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოები, შეიქმნა საექსპოზიციო სივრცე, განხორციელდა უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტების აღდგენა.
აქ ტრადიციულად ტარდება კონსერვატორიაში მოღვაწე მუსიკოსების, ღვაწლმოსილი პედაგოგების საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებული მოძრავი და სტაციონარული ექსპოზიციები, იმართება კონფერენციები, თემატურად მრავალფეროვანი კამერული, შემოქმედებითი საღამოები სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების და უცხოელი მუსიკოსების მონაწილეობითყოველივე ზევით აღწერილში ქალბატონი მარინას როლი არის განუზომელი, იგი პირადად არის ჩართული ექსპონატების მოძიებასა და დამუშავებაში, ასევე ღონისძიებების ორგანიზებაში.კონსერვატორიის სახელით კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ქალბატონ მარინას მისი ფასდაუდებელი ღვაწლისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები