საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო – „საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაზიანებული არ არის“
საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის თანახმად, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი დაზიანებული არ არის. – ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს გვერდი ავრცელებს.
„როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩარგალში 2024 წლის 26 მაისს განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან მისასვლელი ხიდის ნაწილი და მდინარე ჩარგლურას მარჯვენა ნაპირსამაგრი ჯებირი.
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ ადგილზე იქნა შესწავლილი შექმნილი მდგომარეობა და შემუშავდა ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა.
დასკვნის თანახმად, საკუთრივ ვაჟა-ფშაველას მუზეუმის შენობა – ნაგებობები დაზიანებული არ არის და საფრთხე არ ემუქრება, მათ შორის, არც – ეზოს პერიმეტრს.
მეწყრული პროცესების შედეგად დაზიანდა სახლ-მუზეუმამდე მისასვლელი საფეხმავლო ხიდი. გრუნტი ჩავარდნილია და წარმოქმნილია ღია ნაპრალები მდინარის მარჯვენა ნაპირზე, ხიდის კუთხეში. ამავე ხიდის შუა ბურჯს და ბეტონის ნაპირსამაგრ კედლებს ძირი ნაწილობრივ აქვს გამორეცხილი. მდინარის მარცხენა ნაპირზე არსებული ავტობუსის მოსაცდელი ნაგებობა დანგრეულია და ჩავარდნილი კალაპოტში.
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სპეციალისტების მიერ გაიცა შემდეგი რეკომენდაციები: მდინარე ჩარგლულას მთლიანად და ნაწილობრივ დაზიანებული ნაპირსამაგრების სრული დემონტაჟი და ახალი ნაპირსამაგრი ნაგებობის მოწყობა; არსებული საფეხმავლო ხიდის სრული დემონტაჟი და ახლის მშენებლობა; მდინარის კალაპოტის გაწმენდა მდინარე ჭიჭახევის შესართავიდან მუზეუმის ტერიტორიის მთელ სიგრძეზე.
გეოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები.
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მადლობას უხდის გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მის თანამშრომლებს დროული რეაგირებისთვის“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.