ცნობილი მხატვარი ილია პატაშური გარდაიცვალა

85 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, საქართველოს დამსახურებული მხატვარი ილია პატაშური გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მეგობრები ავრცელებენ.
დაიბადა 1939 წლის 9 მაისს დუშეთის რაიონის სოფელ ხევშაში.
დაამთავრა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი 1960 წელს; თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია ფერწერის სპეციალობით 1965 წელს.
1995 წელს აირჩიეს თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორად და დანიშნეს ფერწერის კათედრაზე პეიზაჟის სახელოსნოს ხელმძღვანელად. 1966 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და უცხოეთის სამხატვრო გამოფენებზე: საბერძნეთი, ბელგია, იუგოსლავია, პოლონეთი, აშშ, ინგლისი, იაპონია, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ი. პატაშურს არაერთი პერსონალური გამოფენა აქვს მოწყობილი საქართველოში. წლის საუკეთესო ნამუშევრისთვის – „მწყემსის ოჯახი“  მიღებული აქვს საქართველოს კულტურის სამინისტროს პრიზი (1975), ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ღვაწლისთვის კი, თბილისის მერიის საპატიო სიგელი (2012).
ფერმწერი, პროფესორი.
ორი წლის წინ,  საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ილია პატაშურის ნამუშევრების გამოფენა „ფხოვის ზარები“ გაიხსნა.
გალერეაში ერთი თვის მანძილზე წარმოდგენილი იყო მხატვრის 120 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა). გამოფენისთვის ასევე მომზადდა და გამოიცა ილია პატაშურის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი კატალოგი.
მის შემოქმედებას ქართული მთის კოსმოგონია მუდმივად თან სდევდა. მხატვრის შემოქმედება ჟანრული მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა – ძირითადად, ტრადიციული, ისტორიული და ყოფითი სცენები, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი. ისინი შესრულებულია ინტენსიურ ფერთა შეხამებით. განსაკუთრებით, ცნობილი ფერწერული ტილოები: „დიდგორი“, „ვედრება“, „ბროწეულები“, „კრწანისი“ და სხვა.
იყო ღირსების ორდენის კავალერი,   საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები