„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორი: “შინაური ცხოველების გასეირნების გამკაცრებულ წესთან დაკავშირებით ხალხმრავალ ადგილებში მონიტორინგი გრძელდება, სიტუაცია გაუმჯობესებულია, მაგრამ დარღვევების გამოვლენა ისევ ხდება”
„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, ხალხმრავალ ადგილებში მონიტორინგი ხორციელდება იმასთან დაკავშირებით, იცავენ, თუ არა მოქალაქეები შინაური ცხოველების გასეირნების გამკაცრებულ წესს.
როგორც კობიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ამ მიმართულებით სიტუაცია გაუმჯობესებულია.
“მონიტორინგის განხორციელება სხვადასხვა პარკში, ხალხმრავალ ადგილებში გრძელდება. სიტუაცია გაუმჯობესებულია, უკეთესი მდგომარეობაა, თუ შევადარებთ ადრეულ პერიოდს. მაგრამ, სამწუხაროდ, დარღვევების გამოვლენა ისევ ხდება, კანონდარღვევებს ვხვდებით ხოლმე. გასეირნების წესების მიხედვით სავალდებულოა, ძაღლი, ან ალიკაპით გავასეირნოთ, ან მხოლოდ საბელით. დარღვევის შემთხვევაში 150-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, განმეორების შემთხვევაში კი 300 ლარიანი. სტატისტიკას რაც შეეხება- ამაზე საუბარი გამიჭირდება, მაგრამ ათეულ შემთხვევაზე საუბარი არ არის, გაცილებით მეტია” – განაცხადა კობიაშვილმა.