გიორგი ცუცქირიძე: საქართველოს ისტორიის მორიგ სახიფათო გზაჯვარედინზე გავდივართ – დრო ჩვენზე მუშაობს და არა გარედან თავსმოხვეულ სტიგმებზე და მეტროპოლიებზე

საქართველოს ისტორიის მორიგ სახიფათო გზაჯვარედინზე გავდივართ, რაც სხვა დროსაც გაგვივლია და დარწმუნებული ვარ თუ ქართველი ხალხი კარგად გაითავისებს დროის ამ გამოწვევას, ყველაფერის კარგად იქნება! – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ახლა დრო ჩვენზე მუშაობს და არა გარედან თავსმოხვეულ სტიგმებზე და ზოგადად მეტროპოლიებზე.

„რადგან მიტინგების დაფინანსების თემა ისევ აქტუალურია და დღესაც ე.წ. საქველმოქმედო აქციის სახით მორიგი პოლიტიკური ნარატივით უხვად შეჯერებული პროტესტი ვიხილეთ, კითხვაზე თუ რატომ აიტკივა აუტკივარი თავი ხელისუფლებამ, როცა თითქოსდა არაფერი ისეთი არ ხდებოდა და არჩევნებამდეც უპრობლემოდ მიდიოდა, ვფიქრობ პასუხი უნდა გაეცეს, ანალიტიკოსთა მხრიდან მაინც.

ეს კითხვა ბევრ ადამიანს აწუხებს, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერებსაც და გასაგებია, რომ ოპოზიციური მედია პლატფორმაც ამ თემის განვრცობასაც ისე ცდილობს, თითქოსდა ხელისუფლებამ დასავლეთის ვექტორს ღიად უგანა და რუსული ორბიტისაკენ გადაიხარა! „არა რუსულ კანონსაც“, რასაც ლამის თუთიყუშებივით იმეორებენ, ხომ ამ ნარატივის შემადგენელი ნაწილია! თორემ იქ, რომ არაფერი ფაქტიურად რუსული არ წერია ეუთო/ოდირის დასკვნაშიც მოჩანს, სადაც ყველაფერზეა საუბარი გარდა რუსულ კანონმდებლობასთან რაიმე თანხვედრისა! და თუ უკვე დამტკიცებულ კანონში რეალურად არაფერი არ არის რუსული, მაშინ რატომ არის ასეთი მძაფრი რეაქცია დასავლეთის მხრიდან?

თუ შედარებით ანალიზს და ლოგიკურ ჯაჭვთა წყობას მივყვებით, დავიწყებ თავიდან, როდესაც გასულ წელს პირველად ინიცირებული კანონმდებლობის გაწვევა მოხდა. მოგეხსენებათ, როდესაც პარლამენტში პირველად შევიდა კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტად“ ჩანაწერის შესახებ, საპროტესტო ტალღა მოყვა და „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ კანონპროექტი გაიწვია. რატომღაც მიჩნეულია თითქოს ეს გაკეთდა ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ. თუ ამ ლოგიკურ ჯაჭვს მივყვებით ეს გარკვეულწილად ასეც იყო და არც არავის დაუმალავს, თუმცა მთავარი სხვა რამეში მდგომარეობდა, რასაც დღეს ყურადღება ნაკლებად ექცევა.

ვფიქრობ, პრემიერ მინისტრმა და პარლამენტის თავჯდომარემაც სხვადასხვა დროს გააკეთეს ღია მინიშნებები, რომ კანონპროექტის გაწვევა მოხდა იმ შეთანხმების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი და აშშ მიაწვდიდნენ საქართველოს ხელისუფლებას გამჭვირვალე ინფორმაციებს წამყვანი არასამთავრობოების დაფინანსების შესახებ. აქ, ბუნებრივია იგულისხმება ამ დაფინანსების პოლიტიკური მხარეც, რადგან თუ ეს საკითხი მოგვარდებოდა და 2020-2023 წლების სცენარები აღარ განმეორდებოდა, არც ამ კანონპროექტის ხელმეორედ ინიცირება არ გახდებოდა საჭირო!

რეალურად კი ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ხელისუფლება უბრალოდ „გადააგდეს“ ამ სიტყვის პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით და არა თუ ეს ინფორმაცია რა მიაწოდეს, არამედ პირიქით – აქ ჩატარდა ოპოსპექტრისთვის მთელი რიგი ტრენინგები უკვე ასე ცნობილი აკერმანის სულისკვეთებით, რაც საპროტესტო გამოსვლების და სხვადასხვა რადიკალური სცენარების ტექნოლოგიებს ეხებოდა, რეალურად კი ხელისუფლების ცვლილებებს ქუჩიდან ზეწოლის პირობებში! თუ რას სთხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებას ესეც ხომ მეტ-ნაკლებად ცნობილია, თუმცა „მეორე ფრონტის“ გახსნა რუსეთთან პირდაპირ სამხედრო მოქმედებების დაწყებას როდი ნიშნავს. სააკაშვილის დროს, აგვისტოს ომამდე საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, ჩრდილოეთ კავკასიაში ბოევიკების შეგზავნის არაერთი მცდელობა იყო თუ იმ პერიოდს კარგად გავიხსენებთ!

აქედან გამომდინარე, საკითხი ასე დგას: პასუხი ამ ყველაფერზე ხელისუფლებას უნდა გაეცა თუ არა? ამასთან, თუ შევთანხმდებით, რომ ხალხის მიერ არჩეული ნებისმიერი ხელისუფალი ვალდებული იყო ეს გაეკეთებინა, რჩება ერთადერთი – რამდენად დროული იყო ასეთი მკვეთრი შეპასუხება, გნებავთ მაგიდის აყირავება?! თორემ ამ ხელისუფლებას ყველაზე ნაკლებად ეტყობა ან ვა-ბანკზე წასვლის ან მით უმეტეს „გაგიჟების“ რაიმე ნიშანი, მავანთ ასე რომ სურთ წარმოაჩინონ!

მიმაჩნია, რომ მიუხედავად მაღალი გლობალური რისკებისა და მეტად ტურბულენტური საერთაშორისო ვითარებისა, დრო ზოგჯერ არ მუშაობს შენს სასარგებლოდ და დროში საკითხის გადაწევა მხოლოდ წამგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. აქ ჩვენი ისტორიის მაგალითების მოყვანაც, შესაფერისი დროის დალოდებაზე, შეიძლება არ აღმოჩნდეს რელევანტური. დროის ფაქტორი ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, ყოველ შემთხვევაში ამასაც დრო აჩვენებს, ოქტომბრამდე არც ისე დიდი დროა დარჩენილი!

საქართველოს ისტორიის მორიგ სახიფათო გზაჯვარედინზე გავდივართ, რაც სხვა დროსაც გაგვივლია და დარწმუნებული ვარ თუ ქართველი ხალხი კარგად გაითავისებს დროის ამ გამოწვევას, ყველაფერი კარგად იქნება!

არ შეშინდეთ, ენდეთ ისტორიულ არჩევანს, დრო ახლა ჩვენზე მუშაობს და არა გარედან თავსმოხვეულ სტიგმებზე და ზოგადად მეტროპოლიებზე!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები