ვასილ კვერნაძე: “სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიმდინარე წელს უკვე 10 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლია განხორციელებული”
„სურსათის ეროვნული სააგენტოს“ სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსის, ვასილ კვერნაძის განცხადებით, სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიმდინარე წელს 10 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლია განხორციელებული.
ამის შესახებ კვერნაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“გასულ წელს 32 000-ამდე სახელმწიფო კონტროლი განვახორციელეთ , ლაბორატორიული კვლევისთვის 5 500-ზე მეტი ნიმუში იქნა აღებული, დარღვევების რაოდენობამ 12 % შეადგინა. სურსათის უვნებლობის მიმართულებით მიმდინარე წელს უკვე 10 000-ზე მეტი სახელმწიფო კონტროლია განხორციელებული. თუ აღნიშნულ მონაცემებს 10 წლის წინანდელს შევადარებთ: 10 წლის წინ სააგენტოს შესაძლებლობა ჰქონდა, წლის განმავლობაში სულ რაღაც 500-ამდე სახელმწიფო კონტროლი განეხორციელებინა. თუ შედარებას დარღვევების სახესთან და სპეციფიკასთან მიმართებით გავაკეთებთ, ვნახავთ, რომ ბიზნესოპერატორების დიდი ნაწილი სრულად მოჰყვება იმ საკანონმდებლო სიახლეებს, რომელიც ევროკავშირთან ჰარმონიზაციის ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში. გასული 12 წლის განმავლობაში იქნა მიღებული და იმპლიმენტირებული. ვფიქრობ, თითოეული ნაბიჯი, რომელიც სააგენტოს მიერაა გადადგმული, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სურსათის ბიზნესოპერატორების ყოველდღიურ საქმიანობაზე დადებითად აისახება.
სააგენტო ბიზნესოპერატორების კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. რაც შეეხება კონკრეტულ შეტყობინებებთან დაკავშირებით – სააგენტომ არაგეგმიური სახელმწიფო კონტროლი განახორციელა. ბიზნესოპერატორები შემოწმდნენ როგორც სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვის კუთხით, ასევე ლაბორატორიული კვლევისთვის სურსათის ნიმუშები იქნა შესყიდული. კვლევის შედეგად ოპერატორებს გარკვეული სახის პასუხისმგებლობები დაეკისრათ, ან მითითებები მიეცათ, რომ ის შეუსაბამობები აღმოეფხვრათ, რაც სურსათის უვნებლობას პოტენციურად საფრთხეს უქმნის. არის შემთხვევები, როდესაც მიკრობიოლოგიური დარღვევებია, ასევე დარღვევები, რომელიც ჰიგიენის ნორმების, ან ტემპერატურული რეჟიმების დაუცველობითაა გამოწვეული” – განაცხადა კვერნაძემ.