ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი მრავალფეროვანი ღონისძიებებით გრძელდება
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით გრძელდება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით,1 ივნისის საფესტივალო პროგრამამ სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება გააერთიანა: ქართული მრავალხმიანი სიმღერებით მაყურებლის წინაშე ანსამბლი „რუსთავი“ წარდგა; შეხვედრები გაიმართა ქართველ ვეტერან ფეხბურთელებთან (გიორგი ლომაია, გიორგი ნავალოვსკი, დავით სირაძე); ჩატარდა ტიხრული მინანქრის ოსტატის, სოფიო მუშკუდიანის, მასტერკლასი და გაიმართა მისი ნამუშევრების გამოფენა; საფესტივალო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ეთნოჯაზბენდმა „ირიაომ“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა.
ქართულ ფესტივალს ლევილის მამული მეორედ მასპინძლობს. ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით ქართულ ხელოვნებას, კულტურასა და სპორტს ეძღვნება. 24 მაისიდან 14 ივლისამდე ღონისძიებები ყოველ შაბათ-კვირას გაიმართება და მათზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.
შეგახსენებთ: პირველ საფესტივალო კვირას (24-26 მაისი) გაიმართა შემდეგი ღონისძიებები: ლევილის მამულის პარკში სამხატვრო აკადემიის ქანდაკების სპეციალობის სტუდენტთა ნამუშევრები წარადგინეს; კომპანია „ფაფანაკმა“ წარმოადგინა ტრადიციული ქართული სამოსი – საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი მრავალფეროვანი მორთულობითა და ატრიბუტიკით; გაიმართა ევროპის ჩემპიონის, კესარია მგელაძის, ჭადრაკის მასტერკლასი ოთხ დაფაზე; საზოგადოების წინაშე წარდგნენ ცნობილი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი და მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი; ქართველმა მორაგბეებმა გიორგი ნემსაძემ, გიორგი მელიქიძემ, სერგი აბრამიშვილმა, ვასილ კაკოვინმა, გიორგი ცუცქირიძემ, გურამ გოგიჩაშვილმა და გიორგი ხარაიშვილმა ფესტივალის სტუმრებისთვის რაგბის მასტერკლასი ჩაატარეს. 26 მაისს ფესტივალის სტუმრების წინაშე გამოჩენილი ქართველი სოპრანო იანო ალიბეგაშვილი საქართველოს სახელმწიფო კამერულ გუნდთან (დირიჟორი ს. ჯანგულაშვილი) ერთად წარდგა; ჩატარდა მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი დიდოსტატის, ნონა გაფრინდაშვილის, ჭადრაკის მასტერკლასი ოთხ დაფაზე; ხის ოსტატებმა – ნინო კოპელაშვილმა (თბილისი) და რესან ჟოჟაძემ (აჭარა) თავიანთი ნამუშევრები წარადგინეს; ცხინვალის თეატრმა წარმოადგინა სპექტაკლი „მარო მაყაშვილის დღიური“ (რეჟ. გოჩა კაპანაძე). 26 მაისის საზეიმო ღონისძიება ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტით დასრულდა.
წლევანდელი ფესტივალის მნიშვნელოვანი სიახლეა მისი ხანგრძლივობისა და მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა. ორი თვის მანძილზე, სხვადასხვა დროს, ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ლევილში 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გაემგზავრება.
ფესტივალში მონაწილეობენ შემოქმედებითი ჯგუფები, კულტურისა და სპორტის სახელოვანი წარმომადგენლები, მუნიციპალური სახელმწიფო თეატრები, ასევე – სხვადასხვა რეგიონის ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.
საფესტივალო პროგრამა წელს არაერთ სპორტულ აქტივობას მოიცავს. ეს არის: რაგბი, ფეხბურთი, ფარიკაობა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება (ხრიდოლი). ღონისძიებებში პირველად მონაწილეობენ ხის ოსტატები, მწერლები და სამხატვრო აკადემიის სტუდენტები.
შეგახსენებთ, რომ სამხატვრო აკადემიის ქანდაკების მიმართულების მაგისტრატურისა და საბაკალავრო საფეხურის შვიდი სტუდენტი ლევილის მამულში იმყოფება. ისინი კულტურის სამინისტროს მიერ საქართველოს ფარგლებს გარეთ დაფუძნებული პირველი შემოქმედებითი რეზიდენციის სტუმრები არიან და ლევილში ქმნიან ნამუშევრებს, რომლებიც დასრულების შემდეგ მამულის პარკში სამუდამოდ განთავსდება.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ ლევილის შემოქმედებითი რეზიდენციისთვის ახალგაზრდა მოქანდაკეები პროექტის – „ქანდაკების სტუდენტური სიმპოზიუმი“ – ფარგლებში კონკურსის წესით შეარჩია.
ქართული ფესტივალის მხარდამჭერები არიან ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ჯეოვაინ თრეიდინგი“.