“ჩვენთვის ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკა უპირატესია ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით” – თამარ გაბუნია
“ჩვენთვის ბავშვზე ზრუნვის პოლიტიკა უპირატესია ყველა სხვა დანარჩენთან შედარებით”, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, გასულ წელს ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პროექტი განხორციელდა, რაც იყო ონკოლოგიური ბავშვებისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა.
„ამ პროგრამაში 6 დაწესებულება მონაწილეობს სამ ქვეყანაში: თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში. ამ პროგრამის მართვაში ჩვენთან ერთად მონაწილეობენ უცხოელი სპეციალისტები, მათ შორის ქართველი ექიმები, ვინც უცხოეთში მოღვაწეობენ. ყველაფერი არის იმისთვის რომ ბავშვისთვის საჭიროება დროულად და სწორად შეფასდეს და ბავშვმა მიიღოს ის სერვისი, რომელიც მას სჭირდება. შედეგები არის დამაიმედებელი.
თუმცა, ოჯახების ნაწილი მაინც ირჩევს საქართველოში მკურნალობას, რადგან ეს პროცესი პარალელურად მიმდინარეობს. საბოლოო მიზანი არის ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას იგივე შესაძლებლობა, რაც უცხოეთში”, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.