გიორგი ცუცქირიძე: 2024 წლის აპრილის 11.8%-იანი ეკონომიკური ზრდა 2019 წლის აპრილის მაჩვენებელს 34%-ით აღემატება

ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტი 2024 წლის აპრილში, გასულ წელთან შედარებით სარეკორდო ორნიშნა რიცხვით 11.8 პროცენტით გაიზარდა, რაც პანდემიამდელ 2019 წლის აპრილის მაჩვენებელს მთელი 34 პროცენტით აღემატება, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ოპოზიციის და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან მუდმივი პედალირება საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შემცირებაზე თუ სავალუტო კურსის გაუფასურების პანიკურ ხასიათზე, წმინდა სპეკულაციურ ხასიათს ატარებს.

„მიუხედავად ბოლო სამ თვეში ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლების მაღალი ტემპერატურისა და საერთაშორისო აქტორების მხრიდან ხელისუფლების ხშირად ზღვარგადასული კრიტიკისა, გამართლდა ჩვენი პროგნოზი მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტი 2024 წლის აპრილში, გასულ წელთან შედარებით  სარეკორდო ორნიშნა რიცხვით 11.8 პროცენტით  გაიზარდა, რაც პანდემიამდელ 2019 წლის აპრილის  მაჩვენებელს მთელი 34 პროცენტით აღემატება. შედარებისათვის აპრილის მაჩვენებელი არა თუ  მნიშვნელოვნად აღემატება იმავე პერიოდში გლობალური ეკონომიკის მატებას, არამედ რამდენჯერმე უსწრებს ევროკავშირის (+5.9%) ანალოგიურ მაჩვენებელსაც, რომელიც ასევე ყველაზე მაღალია ბოლო წლების მიხედვით!

ამასთან, თუ გავითვალისწინებთ, რომ ინფლაცია ანუ  სამომხმარებლო ფასების დონე კვლავ რჩება წლიურ მიზნობრივ 3 პროცენტიან მაჩვენებლის ფარგლებში, და წინა წლის აპრილთან შედარებით  მხოლოდ 1.3 პროცენტით არის გაზრდილი, ისედაც ცხადი გახდება ეკონომიკის მდგრადი ხასიათი. შედარებისათვის: იმავე პერიოდში ინფლაციამ აშშ-ში 3.4 პროცენტი, ხოლო ევროკავშირში – 2.4 პროცენტი შეადგინა. ამასთან,  12-თვიანი პერიოდის საშუალო ასეთი დაბალი ინფლაცია (0.6%) 2013 წლის შემდეგ არ დაფიქსირებულა.

ოპოზიციის და ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან მუდმივი პედალირება საერთაშორისო სავალუტო რეზერვების შემცირებაზე თუ სავალუტო კურსის გაუფასურების პანიკურ ხასიათზე, როდესაც ეკონომიკის ყველა ძირითადი მაკროეკონომიკური ფაქტორი არის გაუმჯობესებული, ამიტომაც ატარებს წმინდა სპეკულაციურ ხასიათს!

რასაც ჩვენ თვალს მივადევნებთ ოპოზიციური მედია საშუალებებიდან ცალკეული მიკერძოებული ექსპერტების თუ პოლიტიკოსების მხრიდან უწყვეტ რეჟიმში, არაფერი საერთო გულშემატკივრის პოზიციასთან არა აქვს, მას ერთადერთი დანიშნულება აქვს – შექმნან ნეგატიური მოლოდინები, რათა როგორმე შეარყიონ ეკონომიკა, რათა ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნებზე მაქსიმალურად დასუსტებული და დაზიანებული მივიდეს, რათა გაუჭირდეს მიტინგების ახალი ტალღის შეჩერება როდესაც ოპოზიცია არ ცნობს არჩევნების შედეგებს!

თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციის არაერთი მსგავსი მცდელობა კრახით დასრულებულა, ეკონომიკა არც ამჯერად ჩამოიშლება მიუხედავად გლობალური გამოწვევებისა და საგარეო ზეწოლისა! ანტისამთავრობო მიტინგები ევროპის არაერთ ქვეყანაში იმართება, მათ შორის ზოგჯერ რადიკალური ფორმებითაც, მაგრამ ეკონომიკის ჩამოშლა არ ხდება!

ყველაფერი კარგად იქნება!

ოქტომბერიც მალე მოვა!“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები