გადასახლება მენსტრუაციის გამო
„ჩემი სახელია კალიკა. Მე 14 წლის ვარ. სკოლა 4 წლის წინ დავტოვე და ახლა სახლში ჩემს ოჯახს ვეხმარები. დავიბადე ჯუმლაში – ნეპალის ნაკლებად პრივილეგირებულ და ღარიბ რეგიონში – და დღემდე აქ ვცხოვრობ. ხედი შესანიშნავია, მაგრამ აქ ცხოვრება რთულია, ქალებისთვის – კიდევ უფრო რთული. ჩვენ გვაქვს ტრადიცია, სახელწოდებით – ჩაუპადი, რომელსაც უმეტესობა ჩვენგანმა უნდა მივდიოთ. ეს არის ქალების დროებითი გადასახლება, რადგან ნეპალის დასავლეთ რეგიონში მენსტრუაციის დროს ჩვენ ბინძურებად გვთვლიან.
დიახ, მე, კალიკა, სამი დღის განმავლობაში დავიძინებ ამ ბოსელში, ცხოველებთან ერთად, რადგან მენსტრუაცია მაქვს. ჩემი ქალაქი ჰიმალაის მთებში, 3000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ბოსელი ძალიან ბნელი, ჭუჭყიანი და ცივია. ფოთოლივით ვცახცახებ.
მენსტრუაცია პირველად 12 წლისას მომივიდა და სხვა გოგოების მსგავსად, 13 დღე დავრჩი გადასახლებაში. ამ დროს ჩვენ ვალდებულები ვართ, თავი ავარიდოთ ნოყიერ საკვებს, როგორიცაა: რძე, ბრინჯი, კარაქი და ზოგიერთი ბოსტნეული. ვიცი, რომ ეს ტრადიცია საშინელებაა, მაგრამ ეს ჩვენი კულტურაა და მას უნდა მივყვეთ. თუ ჩვენ ამ ტრადიციას უარვყოფთ, ეს ჩვენს ღმერთებს გააბრაზებს.
როცა რაღაც ცუდი ხდება (როგორც გველის ნაკბენი), პირველები ჩვენ ვართ დამნაშავე. გვეუბნებიან, რომ მენსტრუაციის დროს ცუდი რამ მოხდება, მაგალითად: ხეხილს რომ შევეხოთ, გაშრება; თუ ცხოველს შევეხებით, ის დაავადდება; მის რძეს თუ დავლევთ, გაშრება. არ მინდა, ჩემი ოჯახი ავად გახდეს, ამიტომ ნებაყოფლობით მივდივარ გადასახლებაში.
კალიკა
ჯუმლა, ნეპალი, 2018 წლის 3 მაისი.
ფოტოგრაფის შენიშვნა: ამ ტრადიციის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სამი ქალი გარდაიცვალა.
ნეპალის უმაღლესმა სასამართლომ დააკანონა რეგულაცია ამ ტრადიციის წინააღმდეგ 2005 წელს, მაგრამ, გარკვეული ბიუროკრატიული პრობლემების გამო, ის არ ამოქმედდა. 2017 წლის 9 აგვისტოს პარლამენტმა მიიღო ახალი რეზოლუცია, რომელმაც ჩაუპადი დანაშაულად გამოაცხადა.