კახიძის მუსიკალურ ცენტრში საქართველოს ყველა რეგიონის სალოტბარო სკოლების გალა-კონცერტი გაიმართა

კახიძის მუსიკალურ ცენტრში საქართველოს ყველა რეგიონის სალოტბარო სკოლების გალა – კონცერტი გაიმართა, რომელშიც ხუთასზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო პირველი სალოტბარო სკოლის გახსნიდან 10 წლის იუბილეს მიეძღვნა.
მათივე ცნობით, მსგავსი მასშტაბის ღონისძიება, საქართველოს ყველა რეგიონის მოსწავლეების მონაწილეობით, თბილისში პირველად ჩატარდა.

“მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული ჩანახატების სახით გააცოცხლეს ყველა კუთხის სიმღერა და ცეკვა. თბილისელი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგნენ სრულიად განსხვავებული , თვითმყოფადი და მცირე ასაკის მიუხედავად, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული ბავშვები.
გალა-კონცერტს წინ უძღოდა 9 დღიანი , ყოველდღიური მრავალსაათიანი რეპეტიციები. კონცერტში მოსწავლეებთან ერთად მათი ლოტბარები და ანსამბლ “ბასიანის” სოლისტებიც მონაწილეობდნენ.
სპეციალურად ამ საღამოსთვის, ეთერ თათარაიძის უშუალო მონაწილეობით, აღდგა თუშური ორსართულიანი ფერხული “ქორბეღელა”, რომელიც წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი სიმღერა – გალობაა. როგორც თავად ეთერ თათარაიძემ სცენაზე გამოსვლისას აღნიშნა, ეს ფერხული თუშეთში დაკარგულია და დღემდე მხოლოდ საარქივო ჩანაწერებში გვხვდებოდა. პროექტის იდეის ავტორი ლოტბარი ლიკა ლიპარტელიანია, რომელიც თავად არის ლენტეხის სალოტბარო სკოლის და გალობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.
პროექტი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ღონისძების მხარდამჭერია საქართველოს ყველა ის მუნიციპალიტეტი, სადაც სკოლები ფუნქციონირებს.
პირველი სალოტბარო სკოლა ფოლკლორის ცენტრმა , ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით 2015 წელს ამბროლაურში გახსნა.
დღეს , უკვე , საქართველოს 33 მუნიციპალიტეტში , 1000 – ზე მეტი მოსწავლე ქართულ მრავალხმიან სიმღერას, ტრადიციულ გალობას და ქორეოგრაფიას უსასყიდლოდ ეუფლება”, – აღნიშნულია ორგანიზატორების ინფორმაციაში

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები