„ამბავი საქართველოზე“ – დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა კონცერტში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა

საქართველოს კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, 26 მაისის საზეიმო ღონისძიებები დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალაკონცერტით დასრულდა, რომლის მთავარი თემა იყო – „ამბავი საქართველოზე“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გალაკონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად დაეთმო ფოლკლორს და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობდა. ღონისძიება „თბილისის ქალთა გუნდის“ მიერ შესრულებული საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.
გალა კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლები: „ერისიონი“, ,,რუსთავი“, „ჩაკრულო“, „შილდა“,  ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი, ასევე, „ბასიანი“, „ნართები“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, ამბროლაურის ანსამბლი „საგალობელი“ და აჭარის ანსამბლი „არსიანი“. გალაკონცერტი „მრავალჟამიერით“ დასრულდა, რომელსაც ასრულებდნენ პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“ და ანსამბლი „მძლევარი“.
მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოს 18 ქალაქში გაიმართა. ღონისძიებები 10:00 საათზე, თავისუფლების მოედნიდან დაიწყო, სადაც, ტრადიციულად, ახალწვეულებმა ფიცი დადეს. ფიცის დადების საზეიმო ცერემონია საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიც გაიმართა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთელი დღის მანძილზე წარმოდგენილი იყო კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები. 17:10 წუთზე საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნა. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა 300-მა ბავშვმა, რომელთა შორის იყვნენ საზღვარგარეთ ქართულ სათვისტომოთა სკოლების მოსწავლეები.
წელს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს პირველად შეხვდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით. აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი ბოლო ათეული წლის მანძილზე პირველად მასშტაბურად აღინიშნა ლევილის ქართველთა მამულშიც.
წლევანდელი 26 მაისის მთავარი დევიზი იყო – „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები