ჯონ ბასი: ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას – აირჩიოს საკუთარი მომავალი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას, სოციალურ ქსელში, სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი გამოეხმაურა.
მისი თქმით, ის მხარს უჭერს ქართველი ხალხის უფლებას – აირჩიოს საკუთარი მომავალი.
“დღეს, სახელმწიფო მდივანმა გამოაცხადა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა იმ პირებისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოში დემოკრატიას. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ღრმად დამწუხრებული ვარ, რომ ეს აქამდე მივიდა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის უფლებას – აირჩიოს საკუთარი მომავალი.” – წერს ბასი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განცხადება გაავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იღებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე.