ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

ევროკომისარი აღნიშნულთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ მისი სატელეფონო საუბრის გარკვეული ნაწილი კონტექსტიდან იყო ამოღებული.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, მინდა გულწრფელი მწუხარება გამოვთქვა, რომ ჩემი სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული.

როგორც ევროკომისარი, რომელიც სამეზობლო და გაფართოების პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ჩემი პოზიციისთვის შესაბამისი ქვეყნების მთავრობების ოფიციალურ პირებთან მუდმივ კონტაქტში ვარ, ვინაიდან, საკომუნიკაციო ხაზები ყოველთვის ღია უნდა იყოს პოლიტიკური აზრების პირდაპირი გაცვლისთვის.

საქართველოს ამჟამინდელ პოლიტიკურ ვითარებაში, დიდ ძალისხმევას ვდებდი იმაში, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა დამერწმუნებინა არ მიეღოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელსაც შეუძლია ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირისკენ გზას.

ქართული საზოგადოების ძლიერი პროევროპული სენტიმენტების სრულიად გააზრებით, ჩემი სატელეფონო საუბრის დროს საჭიროდ ჩავთვალე პრემიერ-მინისტრის ყურადღება მიმექცია იმის მნიშვნელობაზე, რომ ამ კანონის მიღებით კიდევ უფრო არ გამწვავდეს ისედაც მყიფე ვითარება, რამაც უფრო გაღრმავებულ პოლარიზაციამდე და თბილისის ქუჩებში შესაძლო უკონტროლო ვითარებამდე შეიძლება მიიყვანოს საქმე. ამ მხრივ, ბოლო ტრაგიკული შემთხვევა სლოვაკეთში მაგალითად იქნა მოყვანილი იმისთვის, თუ სადამდე შეუძლია პოლარიზაციის ასეთმა მაღალმა დონემ მიგვიყვანოს, თუნდაც ევროპაში.

კიდევ ერთხელ, ვწუხვარ, რომ ჩემი სატელეფონო ზარის ერთი ნაწილი არა მხოლოდ სრულიად ამოიღეს კონტექსტიდან, არამედ საზოგადოებას ისეთი ფორმით წარუდგინეს, რომელიც ჩემი სატელეფონო ზარის თავდაპირველი მიზნის სრულ არასწორ ინტერპრეტაციას გამოიწვევს.

კვლავ მოვუწოდებ საქართველოს ოფიციალურ პირებს, არ მიიღონ ეს კანონი.

ამას ასევე ვითხოვ როგორც საქართველოს კარგად ცნობილი და პატივცემული მეგობარი.

ვაგრძელებ საქართველოს ევროპული მომავლისკენ მუშაობის მხარდაჭერას“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები