რატი ბრეგაძე – ,,სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნათელი დასტურია, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით”

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე ისაუბრა საქმეზე „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ”, რომელიც სახელმწიფოს გამარჯვებით დასრულდა.

,,მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემისა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაზე. მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დაობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე.
სააკაშვილი, ასევე, დამატებით აცხადებდა, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ეპიზოდზე მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისათვის, რაც პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და ვერ გახდებოდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი. ევროპულმა სასამართლომ უარი უთხრა სააკაშვილს ყველა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის მიერ წარდგენილი სამართლებრივი პოზიცია მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლისსამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან.
ეჭვქვეშ არ დგება მოსამართლის მიუკერძოებლობა. აგრეთვე, ორივე საქმის ფარგლებში არსებობდა სარწმუნო, უტყუარი და კარგად დასაბუთებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება მის მიერ დანაშაულების ჩადენა. ასევე, სასამართლო პროცედურები წარიმართა სამართლიანად და მსჯავრდება არის კარგად დასაბუთებული. ევროპულმა სასამართლომ, ასევე, გაიზიარა მთავრობის პოზიცია, რომ პრეზიდენტის შეწყალების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ დისკრეციას და მისი ბოროტად გამოყენება შესაძლოა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი იყოს. რაც შეეხება სააკაშვილის პრეტენზიებს, თითქოს მის მიმართ პოლიტიკური დევნა განხორციელდა, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია და ეს ბრალდება იმდენად დაუსაბუთებლად ჩათვალა, რომ დაუშვებლად გამოაცხადა და არსებითად განხილვის აუცილებლობაც კი ვერ დაინახა.
სტრასბურგის სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ საქართველოში სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება განხორციელდა ევროპული სტანდარტების სრული დაცვით. ასევე, ისიც უნდა ითქვას, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ უსამართლობისა და სიცრუის ბრძოლა დასრულდა სიმართლის გამარჯვებით. ჩვენ ყველანი ვიყავით მომსწრე იმ მრავალმილიონიანი კამპანიისა, რომელიც წარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც მიმართული იყო მსჯავრდებულ სააკაშვილის უკანონო გათავისუფლებისკენ, რომელიც მართული იყო ქვეყნის გარედან და, საბოლოო ჯამში, ყველამ დაინახა დღევანდელ დღეს, რომ რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, სიმართლე იყო ქართული სახელმწიფოს მხარეს. ვფიქრობ, ამაში ყველა ერთხმად დარწმუნდა”,-განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები