გიორგი კახიანი: როგორც ჩანს, არიან ძალები, რომლებსაც ურჩევნიათ, ხელისუფლებაში იყოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული რადიკალური ჯგუფი, რომელთა მართვა მარტივია

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, ხელისუფლებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაღრმავება, ასევე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია.

„ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავება. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ამ მიმართულებით იქნება გადადგმული, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით, შემთხვევით არ ვუწოდებთ მათ სტრატეგიულ პარტნიორებს. ევროკავშირთან მიმართებაში ჩვენი პოლიტიკაა ევროკავშირში ინტეგრაცია და ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში. ამ ჩანაწერს იმ რადიკალურმა ოპოზიციამ მხარი არ დაუჭირა თავის დროზე. ჩვენი ჩაწერილია ეს, ამ მიმართულებით უამრავი ნაბიჯია გადადგმული. ჩვენ ვთქვით, რომ 2030 წლისთვის, საქართველო კანდიდატებს შორის ყველაზე უფრო მომზადებული ქვეყანა იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა „ღამის კურიერის“ ეთერში.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ დაალაგებს ხელისუფლება ურთიერთობებს იმ მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან, რომელთა პოლიტიკოსები და ლიდერები, საქართველოს ხელისუფლებისგან კანონის გაწვევას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყნის შემდგომ ევროინტეგრაციას ეჭვქვეშ აყენებენ, მმართველი გუნდის წევრი პასუხობს, რომ ამ პროცესს გაცილებით მარტივად უყურებს და მსგავსი პროცესები მალე შეიცვლება.

„მე, სიმართლე გითხრათ, ბევრს შეიძლება უფრო რთულად ეჩვენება, მაგრამ მე ამას მარტივად ვუყურებ. როგორც ჩანს, დღესდღეობით არიან ძალები, რომლებსაც ურჩევნიათ, რომ ხელისუფლებაში იყოს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი, რომლებიც არიან იოლად მართვადი ჯგუფები, ესენი არიან ის პოლიტიკოსები და ადამიანები, რომელთა მართვა არის ძალიან მარტივი და როგორც ჩანს გარკვეულ ძალებს ურჩევნიათ, რომ ასეთი ხელისუფლება იყოს დღეს საქართველოში, მაგრამ ჩვენ გვაქვს საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა და  ამას, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად ათვითცნობიერებს ყველა, ამიტომ, დარწმუნებული  ვარ ეს პროცესები ძალიან მალე გადაივლის“, – განაცხადა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები