ირაკლი კობახიძე: როცა წარმოვაჩენთ, რომ კონკრეტული დონორები „ენჯეოების“ მეშვეობით ხელოვნურად ცდილობენ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას, ძალიან გაუჭირდებათ მათ ასეთი პროექტების დაფინანსება

როცა ჩვენ წარმოვაჩენთ იმას, რომ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ხელოვნურად ცდილობენ „ენჯეოების“ მეშვეობით ამ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას და სტრატეგიული მიზნის შესრულებისთვის დაბრკოლების შექმნას, აქ უკვე ძალიან გაუჭირდებათ მათ ასეთი პროექტების დაფინანსება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, როდესაც „ენჯეოების“ საქმიანობა იქნება გამჭვირვალე, მათ უკვე გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის განხორციელება, უცხოური დაფინანსებით, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგება.

„ავიღოთ ჰესების თემა. ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ინტერესი, რომ ჰესები აშენდეს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ მივაღწიო ჩვენს სტრატეგიულ მიზანს, რომ 2030 წლისთვის მოხმარებას გადააჭარბოს წარმოებამ. ეს არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ენერგეტიკული დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე მიმართულებით გაგრძელდება კონკრეტული „ენჯეოების“ აქტივობა და ეს იქნება გარედან დაფინანსებული. ყველანაირად ეცდებიან, რომ ჩვენ ვერ მივაღწიოთ ამ სტრატეგიულ მიზანს – ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. როდესაც გამჭვირვალე გახდება ამ სფეროში დაფინანსება, ამ ყალბი ეკოლოგიური ნარატივით უკვე ვერ შეიფუთება მათი ანტისახელმწიფოებრივი მიზნები. ვერავითარ შემთხვევაში. როცა ჩვენ წარმოვაჩენთ იმას, რომ კონკრეტული დონორი ორგანიზაციები ხელოვნურად ცდილობენ „ენჯეოების“ მეშვეობით ამ ქვეყანაში სტრატეგიული ეკონომიკური პროექტების დაბლოკვას და სტრატეგიული მიზნის შესრულებისთვის დაბრკოლების შექმნას, აქ უკვე ძალიან გაუჭირდებათ მათ ასეთი პროექტების დაფინანსება. ანუ, წინ ვერ აღუდგებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას. ეს პრინციპი მოქმედებს ყველა შემთხვევაში, როცა საქმე ეხება გამჭვირვალობას. იგივე პარტიები რომ ავიღოთ – რა თქმა უნდა, პანაცეა ეს ყველაფერი არ არის. ეს ასი პროცენტით ვერ დაგვაზღვევს ანტისახელმწიფოებრივი პრაქტიკისგან. იგივე ეხება პარტიებსაც. პარტიების გამჭვირვალობა აზღვევს დიდწილად რისკებს, მაგრამ ვერ აზღვევს რა თქმა უნდა ასი პროცენტით. აქაც დიდწილად დავაზღვევთ ჩვენ იმ რისკებს, რაც არის დაკავშირებული „ენჯეოების“ დაფინანსებასთან.

ზოგადად, რაც შეეხება „ენჯეოების“ დაფინანსებას, ამ დაფინანსების 95% მოდის სულ 3-4 დონორზე. მეტი არ არის. აქედან გამომდინარე, ძალიან მარტივად დაინახავს საზოგადოება ყველაფერს. გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში, იქნება დამზღვევი მექანიზმი სახელწიფოსთვის და ასევე დონორისთვის და დაფინანსებული ორგანიზაციისთვის. როდესაც მათი საქმიანობა იქნება გამჭვირვალე, მათ უკვე გაუჭირდებათ ისეთი საქმიანობის განხორციელება, უცხოური დაფინანსებით, რომელიც სახელმწიფოს ინტერესებს უხეშად და პირდაპირ ეწინააღმდეგება. ეს არ იქნება ას პროცენტიანი დაზღვევა, მაგრამ დიდწილად დააზღვევს ისეთი ტიპის ქმედებებს, როგორსაც ვხედავდით წინა წლების განმავლობაში“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები