მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 20 ოქტომბერს გაიმართება
მოლდოვის პარლამენტმა რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი 20 ოქტომბერს დანიშნა.
აპრილის შუა რიცხვებში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი არაერთი ცვლილება დაამტკიცა.
ამგვარად, რესპუბლიკის ძირითად კანონს დაემატება ნაწილი – „ევროპული ინტეგრაცია“, რომელიც მოიცავს სტატიას „დამფუძნებელი ხელშეკრულებების შეერთების შესახებ და ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებების გადასინჯვის აქტები“. კონსტიტუციაში არსებული სიახლეების შესახებ კანონპროექტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც საკონსტიტუციო სასამართლო რეფერენდუმის შედეგებს ოფიციალურად აღიარებს.
სახალხო კენჭისყრა საპრეზიდენტო არჩევნების დღესვე გაიმართება. სახელმწიფოს მეთაურის პოსტს მაია სანდუ 2020 წლის დეკემბრიდან იკავებს. ის მეორე საპრეზიდენტო ვადით აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას.