კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის წევრები კოპროდუქციის ფორუმის საქართველოში შექმნასთან დაკავშირებით შეხვდნენ ევროპის კინომარკეტის დირექტორს, დენის რუსს.
შეხვედრა გაიმართა ინგლისელ პროდიუსერ ნიკოლას რუნისთან, რომელთანაც განიხილეს საქართველოში სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღების შესაძლებლობები.
საუბარი გაიმართა კინოთეატრ „ანტრეპო” დირექტორ პრისილა გრესლისთან, რომელთან ერთად საქართველოს დელეგაციის წევრებმა განიხილეს კინოთეატრ „ანტრეპოში” თანამედროვე ქართული ფილმების რეტროსპექტივის გამართვის შესაძლებლობები.
შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში პარიზში გაიმართება თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენება და დისკუსიები, რაც ხელს შეუწყობს ქართული კინოს პოპულარიზაციას.
შეხვედრა გაიმართა La Fabrique cinema-ს დირექტორ გაბრიელ ბეროფ-გალარდთან ქართული ფილმების პოპულარიზაციის შესახებ.
ფესტივალზე იტალიურ მხარესთან გაიმართა შეხვედრა და საუბარი საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მონაწილეობით კინოსკოლაში გაცვლითი პროგრამის შექმნის შესახებ.
კანის კინოფესტივალის ჯილდოს მფლობელ პროდიუსერთან და სინგაპურის კინოფესტივალის მთავარ მენეჯერ ჯერემი ჩუასთან შეხვედრისას მან გამოხატა ინტერესი ქართული ფილმების როგორც სინგაპურის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ისე ბაზრობაზე წარდგენასთან დაკავშირებით.
კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მიმდინარეობისას კინოსფეროს წარმომადგენლებთან საქართველოს დელეგაციის შეხვედრები აქტიურად გაგრძელდება.
შეგახსენებთ: 14-25 მაისს ქ. კანში იმართება 77-ე საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელშიც საქართველოს ეროვნული კინოცენტრი პავილიონით მონაწილეობს. კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში” და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით წარდგენილი საქართველოს პავილიონი წარმოაჩენს ქართული კინოს უმდიდრეს მემკვიდრეობას, წარადგენს ახალ პროექტებს, პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში კინოგადაღებებისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანას.
ქართული კინოს სათანადოდ წარდგენისა და პოპულარიზაციის მიზნით კინოცენტრის დელეგაციაში მონაწილეობს არაერთი ქართველი რეჟისორი და პროდიუსერი, რომლებიც შეძლებენ სხვადასხვა საპროდიუსერო კომპანიის წარმომადგენლების გაცნობას და დასახავენ გეგმებს, როგორც ერთობლივი პროდუქციის შესაქმნელად, ასევე, ქვეყნის კინოწარმოების განსავითარებლად. ეს ხელს შეუწყობს ქართველი კინოხელოვანების საერთაშორისო კავშირების განმტკიცებასა და მათი მიმდინარე პროექტების წარმატებას.
კინორეჟისორებითა და პროდიუსერებით დაკომპლექტებულ დელეგაციას აქვს შესაძლებლობა, საკუთარი შემოქმედებით თუ სამომავლო პროექტებით დააინტერესოს ევროპული ბაზარი და ხელი შეუწყოს ქართული კინოს პოპულარიზაციას. ფესტივალის მსვლელობისას დაგეგმილია საქართველოს, როგორც კინოწარმოებისთვის მიმზიდველი ქვეყნის, რეკლამირება/პოპულარიზაცია. ამ მიზნით საქართველოს პავილიონში ეროვნული კინოცენტრის გუნდთან ერთად მუშაობენ პროგრამის – „გადაიღე საქართველოში” – წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა მიმდინარე წლის მარტში კანის საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმების ჩვენების დაფინანსების მიზნით კონკურსი გამოაცხადა, რომლის შედეგადაც კინოფესტივალის ბაზრობაზე რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილისა და პროდიუსერ ლაშა ხალვაშის ფილმის, ,,მოქალაქე წმინდანის”, ჩვენება გაიმართება. ფილმი გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და არის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
ინფორმაციისთვის: 15-25 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენლებმა, ქართველმა რეჟისორებმა და პროდიუსერებმა, მნიშვნელოვანი და წარმატებული შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის კინომწარმოებელ კომპანიებთან, პროდიუსერებთან, საერთაშორისო კინოფესტივალების პროგრამების შემდგენლებთან და არაერთი ერთობლივი პროექტი დაგეგმეს.