“სხვა გზა არ დაგვიტოვეს, ხელისუფლება უნდა იყოს გადაყენებული” – ბაგრატ გალსტანიანი

დელიმიტაციის კომისიების 15 მაისის სხდომის შედეგებმა სომხეთის მოქმედი ხელისუფლების სწრაფი გადაყენების გარდა სხვა გზა არ დატოვა, – ამის შესახებ ტავუშის ეპარქიის წინამძღვარმა, მოძრაობის „ტავუში სამშობლოს სახელით“ ლიდერმა, მთავარეპისკოპოსმა, ბაგრატ გალსტანიანმა განაცხადა.

„შეხვედრის შედეგები და ხელმოწერილი ოქმი მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლებას დანაშაულებრივი გზიდან არ გადაუხვევია. უფრო მეტიც, ეს ყველაფერი ხალხის და სახელმწიფოს ხარჯზე ხდება”, – განაცხადა მან.

ბაგრატ გალსტანიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობაზე გავლენა ექსპერტების მიერ წარმოდგენილ მრავალრიცხოვან სამართლებრივ და საკანონმდებლო დასაბუთებებს, დაფიქსირებულ ფაქტებს, ასევე, მოქალაქეთა უთანხმოებას არ მოუხდენია.

გალსტანიანმა ხელისუფლება კონსტიტუციის ყველა ნორმის, ლოგიკისა და მორალის დარღვევაში დაადანაშაულა.

„აუცილებელია, რაც შეიძლება მალე ჩამოშორდეს დღევანდელი ხელისუფლება უკანონობას, რომელსაც ჩადის და ახალი ცხოვრება დამკვიდრდეს”, – თქვა გალსტანიანმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენს, რადგან ხელისუფლებას სხვა გზა არ დაუტოვებია.

15 მაისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დელიმიტაციის კომისიების მეცხრე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ვიცეპრემიერები – მჰერ გრიგორიანი და შაჰინ მუსტაფაევი.

შედეგად, ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც აღწერს საზღვრის დელიმიტაციას უშუალოდ დასახლებებს შორის ბაგანისის (RA) – ბაგანის აირიმი (AR); ვოსკეპარი (RA) – აშაგი ასკიფარა (AR); კირანცი (RA) – ჰეირიმლი (AR) და ბერქაბერი (RA) – ქიზილ გაჯილი (AR), რომლის მიზანი საბჭოთა კავშირის დაშლის დროს არსებულ იურიდიულად მოქმედ საზღვართან შესაბამისობაში მოყვანაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები