“სლოვაკეთი სამოქალაქო ომის ზღვარზეა“ – სლოვაკეთის შს მინისტრი
სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის მთავრობის საგანგებო სხდომა უმოკლეს დროში გაიმართება.
ამის შესახებ პორტალი Aktuality იტყობინება.
მისი წყაროების ცნობით, შეხვედრაზე გადაწყდება, ვინ უხელმძღვანელებს მინისტრთა კაბინეტს რობერტ ფიცოს გამოჯანმრთელებამდე. ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო კანდიდატი არის მთავრობის მეთაურის უახლოესი თანამოაზრე – რობერტ კალინიაკი.
ასევე, გაიმართება სლოვაკეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს სხდომა. რესპუბლიკაში უსაფრთხოების ზომების გაზრდის შესახებ გადაწყვეტილებას ელოდებიან.
სლოვაკური მედიის ცნობით, მნიშვნელოვან სამთავრობო დაწესებულებებთან გაძლიერებული საპატრულო პოლიცია გამოჩნდა. რესპუბლიკაში ყველაზე მეტად დასაცავი ადგილი რუზველტის საავადმყოფო გახდა ქალაქ ბანსკა – ბისტრიცაში, სადაც ფიცოა ჰოსპიტალიზებული. ადგილზე უსაფრთხოების ზომებია გაძლიერებული.
ამასთან, შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატუშ შუტაი-ეშტოკმა განაცხადა, რომ, პრემიერმინისტრზე თავდასხმის გამო, სლოვაკეთი „სამოქალაქო ომის ზღვარზეა“.
„იქიდან გამომდინარე, თუ რა სიძულვილია გაჩაღებული, სამოქალაქო ომის ზღვარზე ვართ“, – ციტირებს მის სიტყვებს ჩეხური გამოცემა Novinky.
ასე გამოეხმაურა მინისტრი სოციალურ ქსელებში ფიცოზე თავდასხმის შესახებ გავრცელებულ „ბოროტ კომენტარებს“.
„ყველა ქმედება, რომელიც მოჰყვება სიძულვილის ენას, დაუსჯელი არ დარჩება”,- თქვა მან.