შალვა პაპუაშვილი: ეს იყო რუსული სტილი, რასაც 2 თვე ვუყურებდით, როდესაც დისკუსიის შიშით მიაკრეს იარლიყი ამ კანონპროექტს

”ამ კანონპროექტის დაინფიცირების შემდეგ, თუ არ ვცდები, 2 თვეა, მიდის უკვე დისკუსია. ყოველდღე ამ ორი თვის განმავლობაში ჩვენ ვცდილობდით, შემოგვეყვანა საგნობრივ დისკუსიაში როგორც ოპოზიცია, ისე „ენჯეოები“ და განსაკუთრებით უცხოელი აქტორები. საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად ვიღებდით ყრუ კედელს ლოზუნგებისა, სლოგანებისა და იარლიყებისა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ”უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონს იარლიყებს აწებებდნენ „ენჯეოები“, ოპოზიცია და უცხოელი აქტორები.

„ამ იარლიყებს აწებებდნენ „ენჯეოები“, ოპოზიცია და უცხოელი აქტორები. ნაცვლად იმისა, რომ უცხოური აქტორები შემოსულიყვნენ დისკუსიაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ წარმომადგენლებთან, ამ კანონპროექტს მიაკრეს იარლიყი, დაბლოკეს მსჯელობა და ევროპული დემოკრატიული პროცესი. ზუსტად ეს იყო რუსული სტილი, რასაც 2 თვე ვუყურებდით, როდესაც დისკუსიის შიშით მიაკრეს იარლიყი ამ კანონპროექტს. თუკი ახლა – უცხოელი აქტორი იქნება ეს, ოპოზიცია თუ ”ენჯეო”, დათანხმდებიან, რომ იყოს შინაარსობრივი მსჯელობა, ჩვენ ამისთვის მზად ვართ. თუკი ჩვენ ამ შინაარსობრივი მსჯელობის შედეგად რაიმეზე შევჯერდებით, ტექნიკურად არის შესაძლებელი, რომ ეს ასახული იყოს ვეტოს მეშვეობით კანონის საბოლოო რედაქციაში. 2 კვირა წინ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები