საიდან მოდის ნუდიზმი და როგორია მისი თანამედროვე ისტორია
ნუდიზმი ძალიან დიდი ხნის წინ გაჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს მოძრაობა თავად კაცობრიობასთან ერთად წარმოიშვა. ამ ფენომენის საფუძველი არ არის ვულგარული ან, გარკვეულწილად, სრულიად გაუკუღმართებული სურვილი – უყურონ ვინმეს შიშველ სხეულს ან საკუთარი თავი აჩვენონ ვინმეს (როგორც ექსჰიბიციონისტებმა). მათი სურვილი სრულიად ჯანსაღია და ბუნებასთან დაახლოებას გამოხატავს.
დღეს მოგიყვებით, საიდან გაჩნდნენ ნუდისტები, რა სიკეთეს მოაქვს შიშველი სეირნობის პრაქტიკას და შეიძლება თუ არა ამან მთელი კაცობრიობის გონების „განთავისუფლება“ გამოიწვიოს?!
ძველი საბერძნეთი
სიშიშვლის წმინდა ბუნება ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შეინიშნებოდა: ტყუილად არ ატარებდნენ ბერძნები სპორტულ ღონისძიებებს სრულიად შიშვლები. თავად სიტყვა „გიმნოსი“ ნიშნავს „შიშველს“, საიდანაც მოდის თანამედროვე სიტყვა „ტანვარჯიში“ – „gymnastics“. გარდა ამისა, წარმართული რიტუალების უმეტესობა, რომელიც ნაყოფიერებისთვის ტარდებოდა, ასევე „შიშველი“ იყო.
ინდოეთი
ნუდიზმის წარმოშობა ინდოეთშიც მისტიკურ მიზეზებთან იყო დაკავშირებული. ალექსანდრე მაკედონელის მემატიანეებმაც კი აღწერეს ე.წ. გიმნოსოფისტების – შიშველი ბრძენების მოძრაობა. ამ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობს ასკეტების გარკვეული სექტა, რომელიც, ფაქტობრივად, ჯაინიზმის ერთ-ერთი განშტოებაა. აქ სიშიშვლე განიხილება, როგორც განთავისუფლება მოკვდავი სამყაროსგან.
გერმანია
მეოცე საუკუნის დასაწყისში პურიტანულმა გერმანიამ გააოცა დანარჩენი მსოფლიო. სწორედ აქ გაჩნდა თავისუფალი სხეულის კულტურა, რომელიც მისი მიმდევრების მუდმივ ნუდიზმს ეფუძნება. ამ მომენტიდან შეგვიძლია, ავითვალოთ ნუდიზმის თანამედროვე ისტორია, რომლის დამფუძნებელი გეოგრაფი ელისე რეკლუსი გახლდათ. მან გამოაცხადა სიშიშვლე, როგორც სოციალურად მისაღები ქცევა, რომელსაც შეუძლია, მთელი მსოფლიო ახალი ტიპის აზროვნებამდე მიიყვანოს.
სკანდინავია
დაახლოებით, ამავე დროს, ნატურიზმის სწავლებამ სკანდინავიაშიც შეაღწია. აქ სორენ სორენსენი გახდა მისი აპოლოგეტი, რომელმაც 1936 წელს პირველი ნუდისტური კლუბი – „Sunny Sports of North“ – დააარსა. აქედან მიმდინარეობა გავრცელდა საფრანგეთში, სადაც ექიმებმა: გასტონმა და ანდრე დიუვილმა ჟურნალ „Living Wisely-ის“ გამოცემა დაიწყეს და თემატური კურორტი „Heliopolis“ დააარსეს.
რა უპირატესობები აქვს
პირველ რიგში, ნუდიზმი წყვეტს საზოგადოების შიშთან დაკავშირებულ, თითქმის, ყველა პრობლემას. ნატურიზმის პრაქტიკით, წელიწადში ზედიზედ რამდენიმე თვე თქვენ ნამდვილად აღარ მოგერიდებათ საჯარო გამოსვლისა და უცნობ გარემოცვაში შეხვედრის. გარდა ამისა, ნუდისტები, როგორც წესი, ძალიან ყურადღებიანები ხდებიან გარემოს მიმართ. როდესაც ადამიანი არ ატარებს ტანსაცმელს, ის უფრო მგრძნობიარეა.
ნატურიზმის უარყოფითი მხარეები
პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედება. ის აჩქარებს კანის დაბერების პროცესს, განსაკუთრებით, გავლენას ახდენს მის ყველაზე დელიკატურ უბნებზე. მეორეც, არ უნდა დავივიწყოთ ფენომენის სოციალური კომპონენტი. რეპროდუქციული ორგანოების დემონსტრირება ადამიანთა უმეტესობაში უარყოფით რეაქციას იწვევს.