გიორგი ჩაკვეტაძე – ოპოზიციაზე: ორი კვირაა, ვიზალიბერალიზაციაზე საზოგადოებას ატყუებენ, ჩვენ კი 9 ნაბიჯის შესრულებაზე ვმუშაობთ

ორი კვირაა, ვიზალიბერალიზაციაზე საზოგადოებას ატყუებენ, ჩვენ კი 9 ნაბიჯის შესრულებაზე ვმუშაობთ,- ამის შესახებ განცხადება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რადიკალური ოპოზიციის მისამართით გააკეთა.

მისი თქმით, ერთი კვირაა, უნივერსიტეტებსა და სკოლებში ტოტალური ბულინგის მცდელობაა.

„გუშინ გულწრფელ ახალგაზრდებს რადიკალურმა ჯგუფებმა ღამე გაათენებინეს, თვითონ სახლში წავიდნენ და ვერც კომიტეტის სხდომაზე მოსვლა გაბედეს. დღეს სხდომის ჩაშლა გადაწყვიტეს, მაგრამ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. ერთი კვირაა უნივერსიტეტებსა და სკოლებში ტოტალური ბულინგის მცდელობაა, ჩვენ კი სტუდენტებთან და მოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციას ვაგრძელებთ. ერთ კვირაზე მეტია, რაც პარლამენტის სასახლეზე თავდასხმა მიიტანეს, „ქართული ოცნება“ კი კანონპროექტს შინაარსობრივად განიხილავს.

ორი კვირაა ვიზალიბერალიზაციაზე საზოგადოებას ატყუებენ, ჩვენ კი 9 ნაბიჯის შესრულებაზე ვმუშაობთ. ორ კვირაზე მეტია პარტნიორი პარტიის EPP-ის რეზოლუცია არ დაუგმია „ნაც. მოძრაობას“ აფხაზეთთან დაკავშირებით. მმართველი გუნდი კი საქართველოს საერთაშორისო პლატფორმებზე იცავს. სამი კვირა გავიდა, რაც ილიას სიტყვები „მამული, ენა, სარწმუნოება“ შეცვალეს, ჩვენ კი ვცდილობთ თითოეულ ამ იდეალს ყოველდღიურობით ვემსახუროთ.

სამ კვირაზე მეტი გავიდა, რაც ელისაშვილს იურიდიულ კომიტეტზე უკადრებელი აკადრებინეს, შემდეგ კი არცერთ მათგანს არ დაუგმია მისი ეს ქმედება, ჩვენ არც ეს არ გვიკვირს.
ერთი თვეა პიკეტირებებს გეგმავენ, შემდეგ გარბიან. ჩვენ სიმართლის მიტანას ვცდილობთ თითოეულ მოქალაქემდე. ერთ თვეზე მეტია პოლიციელებს, საჯარო მოხელეებს, ჟურნალისტებს, სპორტსმენებსა და მომღერლებს აბულინგებენ. ხელისუფლება თითოეულ მათგანს გულშემატკივრობს“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები