გამოჩენილი ქართველი მომღერლის – ვანო სარაჯიშვილის დაბადებიდან 145 წელი გავიდა

გამოჩენილი ქართველი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის, ვანო სარაჯიშვილის, დაბადებიდან 145 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს ვანო სარაჯიშვილის ხსოვნასა და უდიდეს ღვაწლს, რომელიც მან დასდო ქართული კულტურის განვითარებას.
„ვანო სარაჯიშვილი თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში სწავლისას მოსწავლეთა გუნდში მღეროდა. 1898 წელს სწავლა დაიწყო თბილისის მუსიკალურ სასწავლებელში (ჩელოს კლასი), იმავდროულად, მღეროდა ცნობილი ლოტბარის, სანდრო კავსაძის, გუნდში.
ვანო სარაჯიშვილის დებიუტი 1907 წელს წარმატებით შედგა პეტერბურგში, ჯუზეპე ვერდის ოპერაში „ტრავიატა“ – მან შეასრულა ალფრედის პარტია. 1906-1908 წელს გამოდიოდა იტალიის (მილანი, „ლა სკალა“; პარმის საოპერო თეატრი) და რუსეთის (სანკტ-პეტერბურგი) საოპერო თეატრების სცენებზე.
1908 წელს მომღერალი საქართველოში დაბრუნდა, თუმცა კვლავ განაგრძობდა მონაწილეობას სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრების სპექტაკლებში.
აღსანიშნავია ვანო სარაჯიშვილის უდიდესი როლი ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებაში. ვ. სარაჯიშვილი იყო ქართული პროფესიული საოპერო რეპერტუარის ტენორის პარტიების პირველი და, უმეტესად, უბადლო შემსრულებელი. მათ შორის არის აბესალომისა და მალხაზის პარტიები (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), შოთა, მეურმე (დ. არაყიშვილის „თქმულება შოთა რუსთაველზე“), კოტე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე“), ასანი (რ. გოგნიაშვილის „ქრისტინე“) და არაერთი სხვა.
ევროპული საოპერო რეპერტუარიდან წარმატებით შეასრულა რადამესის, ჰერცოგის, ალფრედის პარტიები (ჯ. ვერდის „აიდა“, „რიგოლეტო“, „ტრავიატა“), დონ ხოზე, ნადირი (ჟ. ბიზეს „კარმენი“, „მარგალიტის მაძიებლები“), ლოენგრინი (რ. ვაგნერის „ლოენგრინი“), ფაუსტი (შ. გუნოს „ფაუსტი“), ალმავივა (ჯ. როსინის „სევილიელი დალაქი“), პინკერტონი, კავარადოსი (ჯ. პუჩინის „ჩიო-ჩიო- სანი“, „ტოსკა“), ლენსკი, გერმანი (პ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“, “პიკის ქალი“) და სხვა.
უნიკალური ხმისა და სასცენო მონაცემების გამო ვანო სარაჯიშვილი ქართველი ხალხის განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა. მას ხალხმა „საქართველოს ბულბული“ უწოდა.
1947 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას ვანო სარაჯიშვილის სახელი მიენიჭა“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები