ნუცა ბუზალაძე „ევროვიზია 2024“-ის ფინალშია
საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე „ევროვიზია 2024“-ის ფინალში იმღერებს.
კონკურსის მეორე ნახევარფინალი დღეს გაიმართა, რომელზეც მაყურებლის წინაშე 16 ქვეყნის წარმომადგენელი წარდგა.
ნუცა ბუზალაძემ თავისი საკონკურსო სიმღერა Firefighter შეასრულა.
მაყურებლის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან ერთად ფინალში კიდევ ცხრა ქვეყანა გადავიდა: ლატვია,ავსტრია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ისრაელი, საბერძნეთი, ესტონეთი, შვეიცარია, სომხეთი.
წლევანდელი წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტს და ჟიური არ მონაწილეობს ხმის მიცემაში.
„ევროვიზია 2024“-ის ფინალურ კონკურსზე 26 ქვეყანა იმღერებს. აქედან პირველი ათი ქვეყანა – პირველი ნახევარფინალიდან, მეორე ათი ქვეყანა კი დღევანდელი კონცერტიდან გადავიდა ფინალში. ხოლო „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი ქვეყანა შვედეთი ფინალში ავტომატურად გადავიდნენ.