რა ვითარებაა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე – ბოლო ცნობები პროტესტის ეპიცენტრიდან

საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გრძელდება.

შეკრებილთა ნაწილი კვლავ რუსთაველის გამზირზე იმყოფება, ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე რჩება.

გარდა ამისა, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების ნაწილმა იუსტიციის სახლთან გადაინაცვლეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს. ადგილზე მოქალაქესა და აქციის მონაწილეებს შორის იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. ადგილზე შეკრებილები მოუწოდებენ ავტომობილების მძღოლებს, უკან გაბრუნდნენ ან აქციას შეუერთდნენ.

ამასთან, ვითარება პერიოდულად იძაბება პარლამენტთან. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენ გაზს უშვებენ. ასევე, სამართალდამცველებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩიტაძის ქუჩაზე, აქციის მონაწილეების მიერ დანთებული ცეცხლის ჩასაქრობად ქაფი გამოიყენეს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა პროტესტის ნიშნად ცეცხლი ხის ბარიკადებს წაუკიდეს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, 1 მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ამ ეტაპზე სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები