შალვა პაპუაშვილი: ჩვენი ისტორია მდიდარია გმირობის მაგალითებით, როდესაც ჩვენი მამაცი სამხედროები მტკიცედ იცავდნენ სამშობლოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას

“ჩვენი ისტორია მდიდარია გმირობის მაგალითებით, როდესაც ჩვენი მამაცი სამხედროები მტკიცედ იცავდნენ სამშობლოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, სხვადასხვა დროს, მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში ქართულმა ჯარმა საამაყო სიმამაცე და მედეგობა გამოიჩინა.

„ჩვენი ისტორია მდიდარია გმირობის მაგალითებით, როდესაც ჩვენი მამაცი სამხედრო მოსამსახურეები მტკიცედ იცავდნენ ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ეროვნულ ინტერესებს. სხვადასხვა დროს, მსოფლიოს ყველაზე რთულ ადგილებში, ჩვენი პარტნიორების მხარდამხარ, მათ საამაყო სიმამაცე და მედეგობა გამოიჩინეს და პატივისცემა და ქება დაიმსახურეს.

რუსეთის მიერ ისტორიული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია, ტერორიზმი, ჰიბრიდული ომები, ჩვენს გარშემო არსებული მასშტაბური კონფლიქტები, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული სხვა საფრთხეები – ეს ის გამოწვევებია, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამიტომ დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში კიდევ უფრო მეტად ვიაზრებთ ძლიერი თავდაცვის ძალების მნიშვნელობას და გიდასტურებთ სრულ მხარდაჭერას. გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან და სხვა ფორმატებში, რათა საუკეთესო უახლესი ტექნოლოგიებით, წვრთნებითა და შეიარაღებით ხელი შევუწყოთ ჩვენი თავდაცვის ძალების გაძლიერებას.

თავდაცვის ძალების დღეს, პატივს მივაგებთ ასევე იმ სამხედროებს, რომლებმაც სიცოცხლე შესწირეს ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. მინდა, მივმართო მათ მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს – თქვენი შვილები, მამები, მეუღლეები გმირები და პატრიოტები არიან. მათი გმირობით დგას დღეს საქართველო დამოუკიდებელ, თავისუფალ სახელმწიფოდ. ყოველთვის გვემახსოვრება მათი სიმამაცე და თავგანწირვა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები